პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი: „ამ მთავრობამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხსა და პოლიციას“

1-merab-politika1საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა, გუშინ, 7 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები 1990-იან წლებს შეადარა და განაცხადა, რომ „ის ადამიანები და იგივე სახეები აქტიურობენ დღესაც“.

„დღეს მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, მსგავსი იმ მოვლენებისა, რომელიც 90-იან წლებში ხდებოდა. მაშინ ჯაბა იოსელიანმა ციხეებიდან ბევრი კრიმინალი, ყაჩაღი გამოუშვა და  ეს ადამიანები გამოიყენეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანები დაერივნენ თბილისს, რეგიონებს და პრაქტიკულად გაანადგურეს საქართველო და მის შედეგებს დღესაც ვიმკით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღესაც იგივე მოხდებოდა. ის ადამიანები და იგივე სახეები  აქტიურობენ დღესაც, ნანა კაკაბაძე მაშინაც იყო „მხედრიონის“ ლობისტი და დღესაც  ის უწევდა ლობირებას ამ ადამიანებს“, – განაცხადა მერაბიშვილმა „იმედის“ ღია ეთერში.

მისივე შეფასებით, ახალმა მთავრობამ და პრემიერმა შეურაცხყვეს ქართველი ხალხიცა და პოლიციაც, რომელიც მკაფიო ბრძანების არარსებობის გამო დაიბნა. დაბნეული იყო შს მინისტრიც, რომელიც, მერაბიშვილის თქმით, მას შეეცოდა.

„დღეს ამ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენეს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ პოლიციას. პირველად ვნახე ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, დაბნეული პოლიცია. მათ არ ჰქონდათ მკვეთრი ბრძანება. ამ შემთხვევაში შემეცოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგან ქართველმა ხალხმა დაინახა დაბნეული, გაფითრებული და შეშინებული  შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთი დაბნეული მინისტრი საქართველოს დიდი ხანია, არ უნახავს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 8 თებერვალს, 18:00 საათზე დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, რადგან ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მომლოდინე პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.