უცხოეთი
სომხეთში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

1-kandidat-ucxსაქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთში პარტია „ნაციონალური თვითგამორკვევის“ ლიდერსა და პრეზიდენტობის კანდიდატ პარუირ აირიკიანზე ამასწინანდელ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც ჟურნალისტებმა კომენტარისთვის მიმართეს, აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. სამაგიეროდ, აღნიშნეს, რომ ოფიციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით უახლოეს ხანში გააკეთებენ.

აირიკიანზე თავდასხმა 1 თებერვლის ღამეს მის სახლთან განხორციელდა. ბოროტმოქმედმა მას ორჯერ ესროლა. ერთი ტყვია მიზანში მოხვდა და პრეზიდენტობის კანდიდატი მხარში დაიჭრა, თავდამსხმელი კი მიიმალა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.