საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 7 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბოლო ბრალდება მოუხსნა, რომელიც მის მიერ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში უხარისხო ვაზნების შეძენას ეხებოდა.
ოქრუაშვილის ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ყველა ბრალდება მოხსნილია და ეს იმ მარტივი მიზეზით მოხდა, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება გამოძიებას და პროკურატურას არ გააჩნია.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველო 2007 წელს დატოვა და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საფრანგეთში იმყოფებოდა, საიდანაც სამშობლოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს, რადგან წინა ხელისუფლების მმართველობის ხანაში სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა არეულობების მოწყობის მიზნით უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის გამო. სასამართლომ თანმიმდევრობით განიხილა მისი ყველა საქმე, პროკურატურამ კი განაცხადა, რომ უარს ამბობს ექს-მინისტრისთვის უწინ წაყენებულ ბრალდებებზე. შედეგად, ოქრუაშვილს ოთხივე საქმეზე ბრალდებები მოეხსნა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთხზული ბრალდებების გამო მიხეილ სააკაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.