პოლიტიკა
პეტრიაშვილმა დანიაში შეხვედრები გამართა

1-pertiaSvili-politika2საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა დანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პეტრიაშვილი შეხვდა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვილი სოვნდალს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც დანიის მთავრობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და სასამართლო რეფორმის გატარებაში, ლტოლვილებისა და კონფლიქტის დროს დაზარალებული მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტაში ახორციელებს.

თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში პეტრიაშვილი დანიის საგარეო და ევროპის საქმეების საპარლამენტო კომიტეტების წევრებსაც შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტები გააცნო.

ალექსი პეტრიაშვილი დანიაში ვიზიტად 6 თებერვლიდან იმყოფებოდა.