პოლიტიკა
„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საპატრიარქო, მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები. მიმართვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი შეკითხვებსაც უპასუხებს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით დღეს პარლამენტში უნდა გამოსულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.
როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა, უმრავლესობის პოზიციის მიხედვით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.