საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში ხვალ დაგეგმილი გამოსვლა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა და პარლამენტში გამოსვლა მას შემდეგ შეეძლება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიიღება, ან ცალსახად და მკაფიოდ დაფიქსირდება პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ, ამავე დროს, პატივს ვცემთ საკუთარ თავს“, – აღნიშნა მან.
უსუფაშვილის განმარტებით, ბიუროს ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე ორი კვირის შემდეგ უნდა განიხილონ. მან იქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ განსაზღვრავს პრეზიდენტის გამოსვლის არანაირ კონკრეტულ თარიღს. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიაზე უნდა გამოსულიყო, და ეს ემთხვეოდა 6 თებერვალს. თუმცა, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როცა ანგარიშით პრეზიდენტი მარტშიც მისულა პარლამენტში.