აქტუალური
საგამოცდო ციებცხელება ახლოვდება...

1-mimin-aqtua3საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა „ინფო9“-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა საგამოცდო პერიოდის მოახლოების სირთულეებზე და უწყების მუშაობაზე მოსწავლეთა და აბიტურიენტთათვის პროცესების გამარტივების თაოაბზე. როგორ უნდა მოემზადონ აბიტურიენტები რეგისტრაციისთვის, რა სიახლეებია ერთიანი ეროვნული გამოცდების, სკოლის საატესტატო,  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო საგამოცდო სისტემაში; რამ გამოიწვია ამ ცვლილებების შეტანა – ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლებზეც მიმინოშვილმა ყურადღება გაამახვილა და განიხილა ის მტკივნეული საკითხები, რომლებიც აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს აწუხებთ.

მიმინოშვილის განმარტებით, 2013 წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა ფაკულტეტი, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება; ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა შეუზღუდავია, რეგისტრაციის ვადა კი გახანგრძლივდა.  აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება და ისინი  ფაკულტეტების შეცვლას  აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეძლებენ. მიმინოშვილის განცხადებით, მსგავსი ცვლილება მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის და აბიტურიენტს გაცილებით რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, რეგისტრაცია 11 თებერვლიდან დაიწყება და მასწავლებლებს წელს მხოლოდ ორი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აბიტურიენტებისთვის კი 2013 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად იწარმოებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge).