აქტუალური
რეპრესირებულთა შვილები პრემიერ-მინისტრს ეკითხებიან

1-saqinformis-aqtuaa2საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკითხება...

საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა მკითხველთა რამდენიმე წერილი, რომლებიც ერთ საჭირბოროტო თემას, კერძოდ, 30-50-იან წლებში რეპრესირებულთა (მოგვიანებით რეაბილიტირებულთა) და მათი შვილების კომპენსაციის საკითხს ეხება. როგორც ცნობილია, წინა მთავრობამ ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცა კომპენსაციების გაცემის თაობაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ჯერ ე.წ. მოდულის შენობასთან, სადაც უშიშროების არქივი იმყოფებოდა, სათანადო ცნობების ასაღებად რიგებში იდგნენ და მერე სასამართლოებს მიმართეს, უკიდურესად დამცირებულნი დარჩნენ, რადგან სასამართლომ "ბიუჯეტის სათანადო მუხლში სახსრების უქონლობის გამო" მათ  50-100 ლარის ოდენობით კომპენსაცია დაუნიშნა.

მკითხველები ეკითხებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს: „ღრმად პატივცემულო ბატონო ბიძინა, წინასაარჩევნო დანაპირებში თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ჩვენ, რეაბილიტირებულების შვილები და თავად რეპრესირებულები, სათანადაო ღირსეულ კომპენსაციას მივიღებდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ევროკავშირის რეკომენდაციით ამ მიზნებისათვის საქართველოს ბიუჯეტში სააკაშვილის ხელისუფლების დროს სათანადაო თანხაც იყო გადარიცხული, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაციონალებმა ეს სახსრები სხვა მიმართულებით – არ არის გამორიცხული, თავიანთი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად – გაუშვეს. და აი, ამ კატეგორიებს თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოები თავისი განჩინებებით 400-ლარიან კომპენსაციას სთავაზობენ.

ბატონო ბიძინა, თქვენთან ორი შეკითხვა გვაქვს:

1. ხართ თუ არა თქვენ ამ საქმის კურსში და რა მოვიმოქმედოთ ჩვენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება და პირდაპირ სააღსრულებლად იგზავნება ეკონომიკის სამინისტროში?

2. როგორ თვლით, არის თუ არა 400 ლარი სათანადო ღირსეული კომპენსაცია ჩვენი მშობლების, გასული საუკუნის 30-50-იან წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების, სიცოცხლის ფასი?