საზოგადოება
ვაშაძე: „რუსეთთან დიალოგი დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე“

1-vaSaZe-sazogado2საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა, იგი ჯერჯერობით ვერ ხედავს ქმედებას, რომელიც ხელისუფლებაში პრორუსული ძალის მოსვლაში დაარწმუნებდა. ამასთან, მისივე თქმით, იგი მიესალმება რუსეთთან დიალოგის აღდგენას, თუმცა, მიაჩნია, რომ ფორმატი უკეთესად უნდა ყოფილიყო მოფიქრებული.

„უსიამოვნო თემაა ის, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, დიალოგის აღდგენის მცდელობა კარგია, მაგრამ ფორმატი უკეთესად უნდა მოგვეფიქრებინა“, – აღნიშნა ვაშაძემ და იქვე დასძინა,რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში რუსეთთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა ზოგიერთ ასპექტში შეიძლება განიხილოს როგორც დე ფაქტო ურთიერთობების აღდგენა.

ამასთან, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მან მხოლოდ საკუთარი პოზიცია გამოხატა და არცერთ გუნდს არ წარმოადგენს. „მე არავის გუნდს არ წარმოვადგენ. ახლა კერძო მოქალაქე ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებთ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“წევრი. სხვათა შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჩვენი გზები არ დაემთხვა ერთმანეთს“, – განაცხადა ვაშაძემ.