პოლიტიკა
დებატების მიმდინარეობისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძემ განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდება ზეწოლა და იგი არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას. დეპუტატის თქმით, მისი პროტესტი გამოიწვია პრემიერ ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც მან მუქარად აღიქვა მთელი დეპუტაციისა და პირადად მისი ოჯახის მიმართ.
„მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავდა. მე ვმსახურობდი თავდაცვის სამინისტროში და ახლა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიმართებაში გარკვეული ეჭვები არსებობს და სამი თვეა, უკვე ამ საკითხზე დაკითხვები მიმდინარეობს. რატომღაც სწორედ კონსტიტუციური ცვლილებების დროს გაუჩნდა პროკურატურას ჩემ მიმართ კითხვები. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზუსტად ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. მე არ ვაპირებ, არც სააკაშვილის გამო ვაჭირო ღილაკს თითი და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გამო“, – განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ. დეპუტატის ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის უმრავლესობის წევრებსა და ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელშიც უმცირესობის წევრებიც ჩაერთნენ. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.