პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობას თავის დროს უთმობს

1-usufaS-politika1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზადაა, დღევანდელი პოლიტიკური დებატების დროს მისი კუთვნილი 15 წუთი უმცირესობის წევრებს დაუთმოს. უსუფაშვილმა ამის შესახებ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუიო ცვლილებების შესახებ იმართება და მას თავად „ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც“ დაუჭირეს მხარი 2010 წელს იმ პირობით, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შევიდოდა.

უსუფაშვილი ამ დროს უმცირესობას კონკრეტული ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტების დასახელების მიზნით უთმობს.

მე მეკუთვნის 15 წუთი გამოსვლა დებატების ბოლოს. მივმართავ უმცირესობის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც ხელი გადაუგრიხეს, თუ ფეხი მოამტვრიეს იმისათვის, რომ მას რაღაცისთვის მხარი დაეჭირა, მე ვუთმობ მათ ჩემს 15 წუთს; გამობრძანდნენ და თქვან, ვინ არის ზეწოლის ქვეშ და ვის აიძულებენ ამა თუ იმ საკითხზე ხმის მიცემას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებას ამავე გადაცემაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომელმაც ხელისუფლების მხრიდან, ერთი მხრივ, კოაბიტაციის პროცესზე, მეორე მხრივ კი, ზეწოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ ამ ცვლილებების მხარდაჭერისა და განხილვისათვის, მაგრამ ნუ გვთხოვს მთავრობა, რომ როდესაც ერთი ხელით გვაწვება და პარლამენტის წევრებს პირდაპირი ზეწოლის ქვეშ ამყოფებს, მეორე ხელი გამოგვიწოდოს და გვითხრას, რომ ეს არის კოაბიტაცია და ამიტომ ჩვენ ხმის ამოუღებლად უნდა მივცეთ ხმა ამ ცვლილებებს“, – აღნიშნა ბაქრაძემ.