სამართალი
„პარლამენტმა პოლიტდევნილთა ახალი საქმეების განხილვა გამჭვირვალე უნდა გახადოს“

1-advok-samarTaa1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს  „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ ატყობინებენ, ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეების შემსწავლელმა კომისიამ წარდგენილი საქმეების განხილვა უმოკლეს ვადაში უნდა შეძლოს, ხოლო საზოგადოებას მიეწოდოს გარკვეული ინფორმაცია, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რა პერიოდი დასჭირდება ახალი საქმეების მიმართ გადაწყვეტილებების გამოტანას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, როდის დაიწყებს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეების შემსწავლელი კომისია იმ საქმეების განხილვას, რომელიც პარლამენტში 2012 წლის 1 დეკემბრიდან დარეგისტრირდა და პოლიტდევნილთა „ახალი სიის“ სახელწოდებითაა ცნობილი. საპარლამენტო კომისიის საზოგადოებრივი განმარტება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ პოლიტდევნილის სტატუსის მაძიებელ პირებს ჰქონდეთ სწორი მოლოდინი და პროცესის მიმართ მაღალი ნდობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აინტერესებს, წარდგენილი საქმეების გეოგრაფიული შემადგენლობა, საქმეების მიმართ შესაძლო პრიორიტეტულობის მინიჭება, განხილვის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და განხილვის შესაძლო ხანგრძლივობა. ამასთან, ორგანიზაცია კომისიას მოუწოდებს საჯარო პოზიცია გამოთქვას მედიაში გასული იმ შეხედულებების გამო, რომელიც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიის შედგენის დროს რომელიმე უფლებამოსილი პირის მატერიალურ დაინტერესებას ეხება. „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ასეთი შეხედულებები სარწმუნოდ არ მიაჩნია, თუმცა, პროცესისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელ და მყისიერ განმარტებებს საჭიროებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, პოლიტდევნილთა ახალი საქმეების განხილვის ვადების განმარტება მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მყოფი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამშობლოდან გადაიხვეწნენ. ორგანიზაციას არაერთმა ასეთმა პიროვნებამ მიმართა, რომლებიც საკუთარ მდგომარეობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დევნის მსხვერპლად მიიჩნევს. მათ შორისაა ბელგიის სამეფოში, 2006 წელს, საქართველოდან წასული უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის საქმეც, რომელიც ორგანიზაციამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უკვე გადაუგზავნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2013 წლის 31 იანვრის მონაცემით, პოლიტდევნილთა ახალ სიაში 80-ზე მეტი ადამიანი, დღეს უკვე სტატუსის მიღების მოლოდინშია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წლის პოლიტიკური ამნისტიის შედეგა, საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსი – 190-ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭა. სტატუსის მინიჭებისას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის N1900 რეზოლუციით (დადგენილებით) და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.