აქტუალური
ირმა ინაშვილის კომენტარი ციხის კადრებთან დაკავშირებით

1-irma-aqtuaa1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აცხადებს, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ მრავალმა ჟურნალისტმა კითხვებით მიმართა და იგი თავს ვალდებულად თვლის, კიდევ ერთხელ გააკეთოს კომენტარი ციხის გახმაურებულ კადრებთან დაკავშირებით.

„კოალიცია „ქართული ოცნება“და უშუალოდ მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ყველა შემთხვევაში იგებდნენ.

პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი იგებდა და მოიგო ეს არჩევნები, ეს უფრო სწორი ფორმულირებაა.

ჩვენი კვლევებით, ივანიშვილის რეიტინგი მთელ წინასაარჩევნო პერიოდში 60%-ზე დაბლა არ დაშვებულა, ხოლო სააკაშვილის რეიტინგი დროის ამ მონაკვეთში 12-14%-ს არ აღემატებოდა.

„ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ ისეთი პრინციპული და მძაფრი იყო დასავლეთის რეაქცია, რომ სააკაშვილმა ვეღარ გაბედა არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბება, რაც დაგეგმილი ჰქონდა და ეს ყველამ კარგად იცის, თავებს ნუ მოვიტყუებთ.

მართალია, გაყალბებით ოქტომბრის არჩევნები სააკაშვილმა მაინც გააყალბა, მაგრამ ამ ფალსიფიკაციას არ მიუღწევია დაგეგმილი 70%-ისთვის.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე სწორედ ეს ბრძანა და ჩვენ მის პოზიციას ვიზიარებთ.

არ მიმაჩნია სწორად ათასჯერ განმარტებულ თემაზე ათას მეერთედ კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვინაიდან ქართულ ჟურნალისტიკაში მიწოდებული ინფორმაციის აღქმის სერიოზული კრიზისია, ვაკეთებ ამ კომენტარს“, – აღნიშნულია ირმა ინაშვილის განცხადებაში.