სამართალი
აფბა 90-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესის კვლევას იწყებს

1-afba-samarTaa2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფრომი. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევას იწყებს.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეხება 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, რამაც მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება გამოიწვია. ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მოსახლეობის ფულადი დანაზოგების გაუფასურება გახდა. კონკრეტულად ამ მიმართულების შესასწავლად აფბა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების კვლევის ცენტრს ქმნის.

კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო და 4 თებერვალს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ეროვნულ ბანკს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

აფბა ეროვნული ბანკისგან 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვს. ახალგაზრდა ფინანსისტების დაინტერესების კონკრეტული საგანია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯამში გაიცა აღნიშნული თანხა.

ახალგაზრდა ფინანსისტები, ასევე, ინტერესდებიან ამ ორგანიზაციების მაშინდელი მეპატრონეების ვინაობით და იმით, თუ რომელ ორგანიზაციაზე რა მოცულობის თანხა გაიცა სესხად.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტს შესაძლოა, დიდი ზეგავლენა ჰქონოდა მოსახლეობის ფულადი რესურსის გაუფასურებასა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის დამძიმებაზე და სწორედ ამიტომ მთლიანი საკითხის კვლევას ამ ინფორმაციის ანალიზით დაიწყებენ.