საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. შსს-მ 2013 წლის განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გამართა. „რედისონ ბლუ ივერიაში“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, რომლებსაც სტრატეგიის არსი და მიზნები პირადად მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.
პირველად შს სამინისტროს არსებობის ისტორიაში, შეიქმნა შსს-ის სისტემის განვითარების სტრატეგია. დღემდე აღნიშნულ სისტემაში საქმიანობა ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და შედეგის ეფექტიან მიღწევაზე.„სამინისტრო დაბალ კრიმინოგენურ სიტუაციას ინარჩუნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროში ჩამოყალიბდა რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია უწყების მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაა.
2013 წლის შსს-ს განვითარების სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია სამინისტროს სისტემის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტები: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება და სხვა.
სტრატეგიის მიზანია შსს-ს სისტემის ცალკეულ სფეროში საჭიროებების დადგენა, მიზნების განსაზღვრა და მათი მიღწევისთვის ოპტიმალური საშუალებების შემუშავება. ამ თვალსაზრისით სტრატეგიაში გამოყოფილია შემდეგი მნიშვნელოვანი სფეროები: საგზაო და სასაზღვრო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ეფექტური მართვა (მათ შორის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება), მიგრაციული პროცესების მართვა, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის, კორუფციის, ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
როგორც საქინფორმი ამასწინათ იუწყებოდა, შსს-მ აუქციონზე გამოიტანა სამინისტროზე რიცხული ძვირადღირებული მანქანები. აღმოჩენილი დარღვევების გამო შესაძლოა, აუქციონი ჩაიშალოს, რადგან აუქციონზე გატანილი ავტომანქანების 30-მდე მფლობელი ალაპარაკდა წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებების მიერ მათი კუთვნილი ავტოტრანსპორტის ძალადობრივი გზით ჩამორთმევის თაობაზე.