აქტუალური
ანდრეი სუშენცოვის განცხადებით, რუს და ქართველ ექსპერტებს შორის ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსიის მწვავედ წარმართვის მიუხედავად, „იმედისმომცემია ის ტენდენცია, რომ მხარეები ერთმანეთის მოსასმენად მზად არიან“.
ქართველი ექსპერტები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული საკვანძო საკითხების განხილვაში ექსპერტთა წრეები ჩაერთნენ.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელ სერგი კაპანაძის შეფასებით, რუსი ექსპერტები კრემლის იდეებს წარმოადგენენ და საქართველოს სთავაზობენ, პოზიციების დათმობის ხარჯზე უკეთეს შემთხვევაში ვიზების გამარტივება მიიღოს. ეკონომისტ ლადო პაპავას შეფასებით კი, რუსი ექსპერტების ნაშრომში საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ არის და რეალობას ზედაპირულად ასახავს.
რუსმა ექსპერტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა წრეებს შორის მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები, რომლებზეც ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, სისტემატურ ხასიათს მიიღებს და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც გაიმართება.