საზოგადოება
შიმშილობის აქციები

1-SimSil-sazoga1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რეგიონებში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებასა და კონფერენციების ჩატარებას რიგ შემთხვევებში აქციები ახლავს. კონფერენციების ჩაშლის მცდელობისა და გადაწყვეტილებების თვითნებურად მიღებისათვის ამჟამად პარტიიდან 4 ადამიანია გარიცხული. როგორც პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, ეს „განპირობებულია იმ დესტრუქციული მოქმედებებით, რომლებითაც გამოირჩეოდნენ ისინი. მათ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ თვითინიციტივები და თვითნებობები გამოიჩინეს, რომლებიც ზიანისმომტანია ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის“.

როგორც პარტიიდან გარიცხულ წევრთა მხარდამჭერ აქციაზე განაცხადეს, რუსთავის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარე  ალექსანდრე ბერიძე და წევრები  ირაკლი ნანიტაშვილი, ბესიკ ჯალაღონია და ვაჟა ბარამიძე პარტიიდან ყოველგვარი ახსნის გარეშე გარიცხეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ  პოლიტსაბჭოსთან შეხევდრას და  რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალექსანდრე ბერიძის დაბრუნებას. მათი განცხადებით, ბერიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობას მიმართა. მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა  პარტია „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც.  ისინი  პრემიერთან შეხვედრას და  მარტვილის რაიონში შექმნილ ვითარებაში გარკვევას ითხოვენ.  მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს.

მარტვილელები რაიონის გამგებლად ალექსანდრე აბრალავას დანიშვნასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ  ყოფილი მხედრიონელი რაიონს კარგს არაფერს მოუტანს.

შეკრებილთათვის, ასევე,  მიუღებელია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის  დავით საგანელიძის განცხადებაც იმის შესახებ, რომ ვინც პარტიულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება, პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ ჩანერგილი  ადამიანები არიან.

დავით საგანელიძემ ერთ ქვაბში მოხარშა ყველა და ეს ასე რომ არ არის, სწორედ ამის ახსნა გვინდა ჩვენ ბიძინა ივანიშვილისათვის, –  განაცხადეს მათ.

„იმ კონფერენციებზე, რომლებიც დღეს, ხვალ, კიდევ იგეგმება და ვინმეს აქვს სურვილი, ეს კონფერენციები ჩაშალოს, მათ მიმართ ვიქნებით მკაცრები, რადგან პარტიული დისციპლინის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება ვერცერთი ორგანიზაცია“, – აცხადებს მანანა კობახიძე.