პოლიტიკა
ბაქრაძე: „თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას“

1-baqraZe-politika2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 4 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი უმრავლესობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს გარკვეული პირობებით დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრებზე პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო კვორუმის შეგროვება.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, მოსახლეობას აჩვენოს, რომ ხელი ეშლება საქმეში, რის გამოც ვერ ასრულებს მიცემულ დაპირებებს, და ამასთან, არსებობს მთავრობის დათხოვნის „მზაკვრული გეგმა“.

„არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს და არავინ არ აპირებს მათთვის ხელის შეშლას. თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას, ნაციონალების დადანაშაულებას, შეგზავნილი აგენტების ძებნას და იმუშაონ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ისინი მზად არიან, მოუხსნან მთავრობას შიშები და ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი პირობით, რომელთაგან პირველი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში უმცირესობის ინიციატივის ასახვას ითვალისწინებს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას გულისხმობს. მეორე პირობის მიხედვით კი, უმცირესობა სთავაზობს უმრავლესობას, ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლითაც 3/4 იქნება საკონსტიტუციო კვორუმი, რის შედეგადაც მთავრობას აღარ ექნება ცდუნება, „გადაითრიოს იქითა ხმარეს რამდენიმე დეპუტატი“.

აღნიშნული პუნქტი 2013 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, თუმცა, უმცირესობა ოპოზიციაზე ზეწოლის და უმცირესობის წევრების გადაბირების თავიდან აცილების მიზნით, კონსტიტუციის ამ მუხლის დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითხოვს.