უცხოეთი
„კანონიერმა ქურდებმა“ დედ ჰასანის მკვლელობისათვის განაჩენი გამოიტანეს

1-ded-hasan-ucxoetსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ასლან უსოიანის მომხრეებმა მათი ლიდერის თავიდან მოშორების გარემოებების საკუთარი გამოძიების შედეგები შეაჯამეს. დამნაშავედ იქნა მიჩნეული „კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი. მას და მისი კლანის წევრებს განაჩენი გამოუტანეს. ოპონენტების ჩაცხრილვა უკვე დაიწყო. მოსკოვში მოკლეს როვშანის „მარჯვენა ხელი“, „კანონიერი ქურდი“ რუფატ ნასიბოვი, მეტსახელად „რუფო განჯიანსკი“. რუფატ ნასიბოვი უსოიანის მკვლელობის მომენტში უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ იგი მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა ამის დამალვას ცდილობდა. დედაქალაქში მისი ყოფნის შესახებ მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა, თუმცა, ვიღაცამ მაინც შეატყობინა ეს ამბავი დედ ჰასანის კლანს.

როგორც „როსბალტს“ სამართალდამცავი ორგანოებიდან წყარომ აცნობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასლან უსოიანის კლანელმა მაფიოზებმა დედაქალაქში ოთხი „სხოდკა“ გამართეს, მათ შორის ერთი – რესტორან „ბოსფორში“, სადაც, ძირითადად, კრასნოდარელი განგსტერები შეიკრიბნენ. ღონისძიებას „კანონიერი ქურდი“ შირალი მუსოიანი, მეტსახელად „შიკე“ ხელმძღვანელობდა.

მეორე „სხოდკა“ რესტორან „სტარი ფაეტონში“ გაიმართა, რომლის მახლობლადაც 16 იანვარს სნაიპერმა უსოიანი მოკლა. რესტორანში დედ ჰასანის კლანში შემავალი თბილისელები შეიკრიბნენ, სტუმრებს „კანონიერი ქურდი“ დათო მასპინძლობდა.

ამ შეხვედრებზე მაფიოზებმა ორი საკითხი წამოჭრეს: „ვინ არის დამნაშავე“ და „რა ვქნათ?“

სწორედ ამ „სხოდკებზე“ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი როვშან ჯანიევსა და მის კლანს. როგორც უკვე ნათელი ხდება, განაჩენის სისრულეში მოყვანა დაწყებულია.

უსოიანის სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებით ავტორიტეტულმა „კანონიერმა ქურდებმა“ მასშტაბური „სხოდკების“ გარეშე გადაწყვიტეს: უსოიანის კლანის კურატორი ვლადიმერ ტიურინი, მეტსახელად „ტიურიკი“ უნდა გახდეს, რომელმაც, ზოგიერთი ცნობით, უკვე გასცა თავისი თანხმობა.