აქტუალური
ტიგრან სარქისიანი: „რკინიგზას საქართველოს გავლით პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს

tigran-sarqsianiსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. რკინიგზას საქართველოს გავლით სომხეთისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა „მოსკოვსკიე ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აზერბაიჯანი და თურქეთი საზღვრებს გვიბლოკავენ. ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს საერთაშორისო სანქციები გვირთულებს და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით რკინიგზას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სწორედ თემის  მნიშვნელოვნების გამო, საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ამასწინანდელი შეხვედრისას ამ საკითხის განხილვისთვის მხარეებს გვერდი არ აუვლიათ.

„ამ საკითხისათვის გვერდის ავლა არ შეგვეძლო. ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა და არ ყოფილა არცერთი საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენი ურთიერთგაგება და პოზიციები თანხვედრი არ ყოფილიყო. საქართველოც დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. ცხადია, გადასაჭრელი საკითხი ბევრია და ამას დრო სჭირდება. ჩვენ გაგვახარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციამ, მისმა დაინტერესებამ რუსეთთან კონტაქტების დამყარებასა და პრობლემების მთელი გორგალის გახსნაში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.