პოლიტიკა
ნორლანდი: „მნიშვნელოვანია, რომ კოაბიტაცია ეფექტიანად გაგრძელდეს“

1-riCard-politika3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგს, ვითარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეს თანაცხოვრების საშუალება და კოაბიტაცია ეფექტიანად გაგრძელდეს. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე საელჩო თავის პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ შეფასებებს მოისმენს აღნიშნულ საკითხზე. თუმცა, ელჩის განმარტებით, გაცილებით საინტერესოა, „როგორ შეფასებას გააკეთებს ქართველი ხალხი... ასევე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისთვის“.