პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა: „სახელმწიფო, ეს ქართველი ხალხია!“

1-mimarTva-poilitika2საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, 12 საათზე, კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეებმა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადების ტექსტს გთავაზობთ სრულად:

„ისტორიის ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს – თუნდაც უპრეცედენტო კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, ქვეყნის წინსვლის ხანმოკლე შეფერხება ბევრ მოვლენას შეუძლია – მათ შორის, პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მორიგ უპასუხისმგებლო ნაბიჯს.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამგვარი შეფერხების საფრთხე ააცილა ქვეყანას, როდესაც ყველასთვის ნათელი გახადა, თუ რა ცდუნებას იყო აყოლილი მიხეილ სააკაშვილი და როგორ ამზადებდა ნიადაგს (განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ) მორიგი ავანტიურისათვის – მე, ისეთი სუპერდემოკრატი პრეზიდენტი ვარ, რომ არჩევნებში დამარცხებაც კი ვაღიარე, მაგრამ დიქტატორ ივანიშვილს კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა და ამიტომ იძულებული ვარ, შევასრულო კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და ხელისუფლებას ჩამოვაცილო მისი მთავრობაო.

ამგვარი ნაბიჯის ცდუნებას მას უქმნიდა 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით შექმნილი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ხალხისა და პარლამენტის ნდობის მქონე მთავრობის გარეკვა და მხოლოდ მისი ნება-სურვილის შემსრულებელი მთავრობის დანიშვნა.

ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა იმთავითვე ცალსახად უარყოფითი იყო. დასკვნაში ნათქვამია: „ამ შემოთავაზების გაზიარება რთულია. ამგვარ მთავრობას [პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნულს] არ ექნება ლეგიტიმურობა. როდესაც პარლამენტი სამჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ისეთი პრემიერის დანიშვნა, რომელიც პარლამენტს არ აურჩევია. მას უნდა შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის მოვალეობების შესრულების დაკისრება არჩევნების დასრულებამდე“ (ვენეციის კომისიის დასკვნა №281/2004. მარტი, 2004).

მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიულ სამყაროს, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასთვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ყველასთვის ცხადი გახდა ისიც, თუ როგორ ფარისევლობდა სააკაშვილი დამარცხებასთან შეგუების თემაზე და რას ემსახურებოდა მისი პიარკამპანია უცხოეთში.

საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები გაოცებით კითხულობენ, ნუთუ მართლა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის უკითხავად შეუძლია შექმნას მთავრობა და მას ამართინოს ქვეყანაო... ამგვარი ჩანაწერი, ასე კონსტიტუციურად გამყარებული დიქტატურა ხომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში არ არსებობს!

სწორედ ეს მიუთითა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 2013 წლის 31 იანვარს თბილისში ყოფნისას: „არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებლია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირება მოხდეს, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ მთავრობა დაითხოვოს და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობა აირჩიოს“ (pirweli.com.ge 17:40 31.01.2013).

ამდენად, თავად კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების ფაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სააკაშვილის გეგმა ჩაშლილიყო – ახლა არც მისი „კოჰაბიტაციური“ სურვილების ჭეშმარიტების სჯერა ვინმეს და აღარც მისი კონსტიტუციური მექანიზმების. შესაბამისად, იგი დღესვე, სანამ კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არსებობს ეს ჩანაწერი, უკვე უძლურია გამოიყენოს ეს იარაღი. ამ იარაღით მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თვითმკვლელობა შეუძლია.

„ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, თავისუფალია არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და ამით არა მარტო წარსულის სიმახინჯეზე თქვან უარი, არამედ პოლიტიკური მომავლისთვისაც გადადგან სწორი ნაბიჯი; ან, მათ შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელი მსოფლიოს გასაგონად გააცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვები და მომავლის ხედვა.

ცვლილებების განხილვის პროცესში უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან დაისვა საკითხი პარლამენტის დათხოვნის 6-თვიანი შეზღუდვების მოხსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ჩვენი წინადადება მიზნად ისახავდა ჩვენს პოლიტიკურ მზაობას, ნებისმიერ დროს მიგვეცა ხალხისთვის არჩევანის საშუალება. მაგრამ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თვალთახედვიდან ეს ნოვაცია რაიმე საფრთხეს შეიცავს, თანახმა ვართ, ვიმსჯელოთ და გავიზიაროთ მათი წინადადება, თუ იგი მკაფიოდ და საჯაროდ იქნება გამოთქმული.

კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები უნდა გამოკვეთონ არა მარტო პოლიტიკურმა გუნდებმა, არამედ თითოეულმა პარლამენტარმა და პოლიტიკოსმა. არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულმა წევრებმა ჩათვალონ, რომ ეს ის თემა და საკითხია, რომელზეც ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი ხალხის წინაშე და მხარი დაუჭირონ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. არჩევანი მათზეა!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მისცა არც მის გუნდს და არც მის ცალკეულ წარმომადგენლებს და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი მაინც მიღწეული იქნება. ამ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ძალაუფლებაზე შეყვარებულ თავგზააბნეულ დიქტატორთან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით – საკუთარი პოლიტიკური თვითგანადგურების გზაზე მდგარ, ერთი კაცის ახირებებს აყოლილ, თავისუფლებაწართმეულ ადამიანებთან, რომელთა სიტყვას ჩალის ფასი უნდა დაედოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

რა უნდა უთხრან ამ ცვლილებებისთვის ხმის არმიმცემებმა ქართველ ხალხს? – მართალია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2004 წელს დაგმო ვენეციის კომისიამ, მართალია 2010 წლის ჩვენს მიერვე შეტანილი ცვლილებებით იგი 10 თვის შემდეგ გაუქმდება, მართალია, ამ 10 თვის განმავლობაში პრეზიდენტი მაინც არ აპირებს ამ უფლებამოსილებით სარგებლობას, მართალია ცოტა ხნის წინ ჩვენვე დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებების განხილვას, მაგრამ მიშას ეწყინება კონსტიტუციური დიქტატორის რეგალიის ჩამორთმევა და ამიტომ ხმას ვერ მივცემთ ამ ცვლილებასო...სიმბოლურია, რომ აქ საუბარია სწორედ პრეზიდენტობის ვადის იმ 10 თვეზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ისედაც მითვისებული აქვს კონსტიტუციური მანიპულაციებისა (2006 წლის ცვლილებები) და თვალთმაქცობის (2007 წელს პრეზიდენტობიდან გადადგომის განცხადების დაგვიანებით გაფორმება) გზით. ამრიგად, სრულიად ნათელია – ვინც თავს აარიდებს შემოთავაზებული ცვლილებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ანუ აცხადებს, რომ „სახელმწიფო, ეს სააკაშვილია“. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ „სახელმწიფო, ეს ქართველი ხალხია“.

ამიტომ, დღეიდან საჯარო საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში ვიწვევთ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წარმომადგენელს თემაზე – „სააკაშვილი, თუ საქართველო; დიქტატურა, თუ ხალხის მმართველობა“. წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე – უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს (და არა ჩვენ ან ბიძინა ივანიშვილს) და განაცხადონ – „კი“ თუ „არა“. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფლმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტ-ნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული ჩვენგანი – ხალხს თუ დიქტატორს. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი – ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე.

დ. საგანელიძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ზ. ქუცნაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“

დ. ბერძენიშვილი –ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“

ი. ჩიქოვანი – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“

გ. ბუკია – ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები