საზოგადოება
სააკაშვილი: „სეპარატიზმის ახალი იდეა რუსეთიდან მოდის“

1-saak-sazogad2საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯავახკის დიასპორა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისკენ მოუწოდებს, ამ თემით სპეკულირებს და საქართველოში სეპარატიზმის ახალი იდეის დანერგვას ცდილობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მას 2 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ახლდნენ.

აჭარაში ასლან აბაშიძე დიდხანს სპეკულირებდა სწორედ ამ თემით. დღეს კი თვალსა და ხელს შუა ცდილობენ, ახალი სეპარატიზმის იდეა შემოგვაპარონ და დანერგონ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: აფხაზეთი რკინიგზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. და მეორე ფაქტი, რომ ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან და ახლა ისე გათავხედდა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებებს. უკვე დაიწყო შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ახლა კი .. თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხი წამოწიეს“, – ხაზი გაუსვა სააკაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი მიმართულია ჯავახეთში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაზე, მაგრამ თუ ეს მოხდება, მერე ამ ერთეულის ავტონომიას მოითხოვენ, მომდევნო ეტაპზე კი – მის დამოუკიდებლობას და საქართველოსგან გამოყოფას. ადმინისტრაციული ერთულის შექმნაზე თავისუფალი ზონის სახით არ ლაპარაკობენ არც სომხეთში მცხოვრები სომხები, არც სომხეთის მთავრობა, არც ადგილობრივი საზოგადოება, რომელაც ჩვენ ავუშენეთ ჰესები, ახალციხეში შევქმენით დიდი ტურისტული ცენტრი, უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, გზები გაგვყავს და ამას მათთვის სარგებლობა მოაქვს. ამას ამბობს რუსეთის ჯავახკის დიასპორა, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ინიციატივა რუსეთიდან მოდის“, – დაასკვნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი, და საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ გეგმის განხორციელება არ დაუშვას. „ამაზე სხვათაშორის ლაპარაკი და ამ თემის წაყრუება არ შეიძლება!“, – განაცხადა სააკაშვილმა.