პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ქუჩაში გაზაფხულზე გამოვა

1-merab-pollit1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ისინი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას 4 წელიწადს ვეღარ დაელოდებიან. მთავრობას ჩვენ, პირდაპირ ვიძახი, 4 წელიწადს ვერ ვაცლით, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას მერაბიშვილმა და იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თუმცა, გულისხმობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, ქუჩის აქციების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და გადაბირების გზით ამ ხელისუფლების დასუსტებას.

ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, მე გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, 4 წელი დაველოდოთ. მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორც გამოჩნდა, როგორც მინიმუმ საქართველოს დასუსტება, არ უნდა დავუშვათ. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.

როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკე ადვილად გადიხარ“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიას მოქმედი ხელისუფლების დასუსტების გეგმა უკვე აქვს.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ზამთარია და ქუჩის აქციები ჯერ ადრეა. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა მერაბიშვილმა.