პოლიტიკა
სააკაშვილი საქართველოს "არმენიზაციის" წინააღმდეგია

1-armenizaciaსაქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის „არმენიზაციის“ წინააღმდეგია, რის შესახებაც მან გუშინ, 31 იანვარს, საწარმო „დელტაში“ სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, იგი მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობის წინადადებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციის მეშვეობით გამტკიცდეს.

რამდენიმე განცხადება გაკეთდა, კერძოდ, განცხადება სომხეთში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის არმენიზაცია და, კერძოდ, თანაბარი დისტანცია უნდა დავიკავოთ დასავლეთისგანაც და რუსეთისგანაც, რაც არ იყო ადრე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და კურსი“, – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები სომხეთში ვიზიტისას.

პრეზიდენტმა კრიტიკულად შეაფასა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის წინადადებაც. „ერევანში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ გადიან ტექნიკურ დეტალებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. რკინიგზა არის არა მხოლოდ ლეგალიზაცია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციისა, პირდაპირ პლაცდარმს ვაძლევთ რუსეთს კავკასიის დაპყრობის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 2015 წელს ევრაზიის კავშირის სახით გარკვეულწილად აღადგინოს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა იმპერია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.