აქტუალური
სააკაშვილი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „დელტას“ესტუმრა

1-delta-aqtuaa3საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გუშინ სამეცნიერო-კვლევით ცენტრ დელტაში არსებულ ვითარებას  გაეცნო და საწარმოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საწარმოს ხელმძღვანელთან ერთად სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს შეხვდა და საწარმოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საწარმო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს  და არსებული სამუშო ადგილებიც შენარჩუნდეს: ქარხანა რაღაც პოლიტიკური ბატალიების ცენტრში აღმოჩნდა. ამაზე მთელი დებატები იყო. ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს, ყალბია, არაფერი საქართველოში არ ეწყობა, ყველაფერი მოგონილია. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს ყველაფერი თქვენი ხელებით არის გაკეთებული. ახლა ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, ჩვენ ყველანი ვრწმუნდებით, რომ ეს ქარხანა შესანარჩუნებელია. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა ბევრს მუშაობს იმაზე, რომ დაიხვეწოს, რაღაც გაკეთდეს.

მისი თქმით, მთავარია, რომ სრული მოცულობით აღდგეს წარმოება, გაგრძელდეს შეკვეთები და მთავრობამ იშვილოს ეს ქარხანა. მისი შენარჩუნება აუცილებელია არა იმიტომ, რომ ჩემი ინიციატივით და ჩემი მთავრობის დროს დავაყენეთ ფეხზე... არამედ ჩემ ჯინაზე არაფერი არ უნდა კეთდებოდეს. თუ ვინმეს უნდა, რომ ნიშანი მომიგოს, უკეთესი უნდა გააკეთოს, ახალი შეკვეთები უნდა მიიღოს, ახალი შექმნას, განავითაროს და მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ იმაზე უკეთესი შექმნეს, ვიდრე სააკაშვილის მთავრობის დროს კეთდებოდა, რაც მეც გამიხარდება! ქვეყანა ყოველთვის უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და არა უარესობისკენ. ვფიქრობ, ეს ყველას ესმის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

2003-2004-ში, რომ მოვედი, ხალხი აქ მართლა მშიერი დამხვდა. მაშინ ჯარიც მშიერი იყო და მთელი ქვეყანაც. მერე თავდაცვამ შეიყვანა თავის დაქვემდებარებაში, აამუშავა და ფეხზე დააყენა ქარხანა, იმიტომ რომ სანამ კომერციულ ხელში იყო არაფერი არ გამოვიდა. რეალურად როდესაც მოვკიდეთ ხელი და ეს ქარხანა სახელმწიფომ ჩაიბარა, შეკვეთები წამოვიდა, რამაც დააყენა ფეხზე აქაურობა. ვიცი, რომ დაპირება გაქვთ ხელმძღვანელობისგან. თქვენის ნებართვით, რამდენიმე თვეში მოვალ და ერთად გადავამოწმოთ ამ დანაპირების შესრულება. იმედია, ამას მოისმენს მთავრობა და გაითვალისწინებს. დაპირება კი იმას გულისხმობს, რომ ახლა თქვენი ნაწილი ტრეინინგებზე იმიტომ არის გაშვებული და წარმოების რაღაც ნაწილი შეჩერებული, რომ მერე ხელფასები მოგიმატონ. რამდენიმე თვეში მე დავბრუნდები და ვნახავთ განახლებულ წარმოებას, სადაც უკეთესი ხარისხის პროდუქცია და მეტი ხელფასები იქნება!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საწარმოს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შეძენის სურვილი და ინტერესი ყოველთვის ჰქონდა რუსულ მხარეს.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად „დელტას“ ჯავშანმანქანა „ლაზიკას“ დიზაინის ავტორი ზვიად ციკოლიაც სტუმრობდა, რომელიც ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე  „დელტასთან“ თანამშრომლობდა. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მისთვის დასანანია, „რომ დღეს ციკოლიას მსგავსი პროფესიონალები იძულებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა. თავის დროზე დიდი ბრძოლით დავათმობინეთ ციკოლია ჩვენთვის და მილანიდან საქართველოში ჩამოვიყვანეთ, ახლა ქვეყანას ტოვებს...როგორც ჩანს, ალბათ, საქართველოში აღარავის სჭირდება. იმედს ვიტოვებ, ეს რომ ეს ყველაფერი დროებითია“.