საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გუშინ შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოაწყო.
როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე დაკვირვებისა და ამ საკითხების შესასწავლად საქართველოს მომავალ კვირას ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფი ეწვევა.„მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობას, იმისთვის, რომ ისინი ვენეციის კომისიის მოსაზრებას ელოდებიან და ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ახორციელებენ“, – აღნიშნა ბუკიკიომ.
მან საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებიც მისცა. „რაც შეიძლება სამართლიანი, თანაბარი კოაბიტაცია უნდა იყოს და ყველას მიეცეს საშუალება, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, თავისი როლი შეასრულოს. რეფორმები, როგორც ინიცირებული, ისე დაგეგმილი, თანაბრად და და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ბუკიკიომ. მისი განმარტებით, კონსტიტუცია არ არის პერანგი, რომლის გამოცვლაც ყოველდღიურად ხდება, თუმცა, საზოგადოების სურვილით, მის შესაცვლელად გამბედაობაა საჭირო.
ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დათანხმდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიასა და ვენეციის კომისიას შორის მეკავშირე ოფიცრის დანიშვნის თაობაზე. როგორც მან განაცხადა, „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობის მომხრეა, – და დასძინა, – მეც მაქვს ჩემი ოცნება – მინდა, საქართველოში მშვიდობა იყოს!“