პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

1-bukiko-politika2საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების გატარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი დაეთანხმა მას, რომ საქართველოს პრეზიდენტს გადაჭარბებული უფლებები ჰქონდა და საჭიროა ამ უფლებების ლიმიტირება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. „მე დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ფართო დისკუსიებს ყველა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკვაშირებით და აუცილებლად შევუთანხმდებით ვენეციის კომისიას. შევთანხმდით, რომ პრეზიდენტს ჰქონდა არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები – მხედველობაში მაქვს საქართველოს პრეზიდენტი, და რომ ამის დაბალანსება აუცილებელია. ბატონი პრეზიდენტი ამ ცვლილებებს მიესალმება და აფიქსირებს, რომ გასაგებია და მისაღებია ეს ყველაფერი“.