სამართალი
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის, დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“, სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არცერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა, დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფის“ საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროს ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.
თბილისის მერი გიგი უგულავა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, სატელევიზიო კომენტარს განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ „იგი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო“. განცხადების თანახმად, „კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია“.