საზოგადოება
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. დილიდან დედაქალაქში ყველა მიკროავტობუსმა მუშაობა განაახლა. მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.
მძღოლების საინიციატივო ჯგუფისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დირექტორის, დავით ასანიძის, განცხადებით, მძღოლების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.მისივე ინფორმაციით, დაყადაღებულ მიკროავტობუსებს „თი ბი სი“ ბანკმა ყადაღა მოუხსნა. ასანიძე განმარტავს, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა. ამასთან, მძღოლებს საშუალება მიეცათ, 7 დღის განმავლობაში არ გადაიხადონ გადასახადი, რათა 7-დღიანი გაფიცვის პერიოდში მიღებული დანაკარგი აინაზღაურონ.
„საინიციატივო ჯგუფს მივეცით უფლებამოსილება, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბონ ჩვენთან, მათთან ერთად მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ და გადაწყვეტის გზები დავსახოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას“, – აღნიშნა ასანიძემ.
მძღოლების განცხადებით, ისინი პირობების შესრულებას 1 მარტამდე დააკვირდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.