პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას შეხვედრები „ჩეთემ ჰაუზში“

1-Cetenhausi-politika1საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „ჩეთემ ჰაუზში“ გამართა შეხვედრები. მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. „ჩეთემ ჰაუზში“ ის, ასევე, შეხვდა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს.

ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საუბარი სამხედრო დოქტრინის შესახებ დაიწყო, რომელშიც წარსულში დაშვებული შეცდომები იქნება გათვალისწინებული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან. მაგრამ სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ გვსურს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება ქნე შესწავლილი. ეს შეცდომები გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ჩეთემ ჰაუზშიგამართულ დისკუსიაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ქართველმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ჩვენ გვსურს მათთან კავშირი, სავაჭრო ურთიერთობები. შესაძლებელია მხარეებს შორის ნდობის ფაქტორი იმ დონეზე აღდგეს, რომ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების განხილვა დავიწყოთ, როგორც არის სტატუსთან დაკავშირებული საკითხი. მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ილუზიები, რაც ორივე სეპარატისტულ მთავრობას ომის შემდეგ გაუჩნდათ, გაქრა. დარწმუნებული ვარ, რუსეთმაც გაანალიზა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკაში მარცხი განიცადა. ახლა დროა, ამჟამინდელ მდგომარეობას დავთანხმდეთ, სანამ უშუალოდ პოლიტიკურად სენსატიური საკითხების მოგვარებაზე გადავალთ. ამიტომაც ვარ პრაგმატული რუსეთის მიმართ, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს სურს რუსეთთან თანამშრომლობა. ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხი ორივე მხარისთვის მტკივნეულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ან ორ წელში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და როგორ განვავითაროთ რიგი საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს არ მოხდება ორ ან სამ წელიწადში. მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა „ჩეთემ ჰაუზში“ გამართულ შეხვედრაზე.