უცხოეთი
საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი წყვეტს აშშ-თან დადებული ხელშეკრულების მოქმედებას სამართალდამცავ საქმიანობაში თანამშრომლობის შესახებ ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში. ცნობა ამის შესახებ რფ-ის სამთავრობო საიტზე ვრცელდება.
შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 28 იანვარს. ამ განკარგულების ინიცირება კი რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა იმის საფუძველზე, რომ „ხელშეკრულება არ პასუხობს დღევანდელ რეალიებს და თავისი პოტენციალიც ამოწურა“.ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც 2002 წლის 25 სექტემბერს მოეწერა ხელი, აშშ რეგულარულ ფინანსურ დახმარებას უწევდა რუსეთის ხელისუფლებას დამნაშავეობასთან ბრძოლისკენ მიმართული პროექტების სარეალიზაციოდ.
აშშ-ის მხარეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეატყობინებს.