მიკროავტობუსების მძღოლები ხვალიდან შესაძლოა, სამუშაოდ გავიდნენ
საქართველო, 31 იანვარი,
საქინფორმი. მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა შესაძლოა, დღეს შეწყდეს და ხვალიდან ისინი სამუშაოდ გავიდნენ. გლდანის ავტოპარკთან გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით, ყველა ავტოპარკი თანახმაა იმ პირობებზე, რომელიც გუშინ ღამით მათთან შეხვედრისას „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებმა მათ გააცნეს. მძღოლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება „თბილისის მიკროავტობუსის“ დაპირებები, ისინი მარტიდან კვლავ გააგრძელებენ გაფიცვას. მძღოლები „თბილისის მიკროავტობუსისგან“ ითხოვენ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იქნება დაპირებების შესრულების თაობაზე.
„თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, თებერვალში მათი ყოველდღიური გადასახადი 25%-ით შემცირდება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მიკროავტობუსის მძღოლები უკვე 7 დღეა, გაფიცული არიან.