საზოგადოება
ანდრო ბარნოვი საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება

1-barvo-sazogaa2საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს ატყობინებს, ანდრო ბარნოვი საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გორისა და ზუგდიდის ოფისების ხელმძღვანელ დანიელ მესერლის შეხვდა. საუბარი შეეხო პროგრამებს, რომლებსაც ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში 2008 წლიდან ახორციელებს (სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამები და მიკროეკონომიკური ინიციატივების პროექტები როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის, ისე შიდა ქართლის სხვა რაიონებში მცხოვრები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ნაღმზე აფეთქებულთა ოჯახებისათვის).

ადმინისტრაციის ცნობით, 2012 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაიწყო საცხოვრებლის ინტერიერის გაუმჯობესების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რათა თითოეულ რეაბილიტირებულ საცხოვრებელში არსებობდეს მინიმუმ ერთი მშრალი და თბილი ოთახი. ამ პროგრამით ისარგებლეს მეჯვრისხევის, შავშვების, ვარიანის ჩასახლებებსა და ზარდიაანთკარში მცხოვრებმა ოჯახებმა.

წითელი ჯვრის საეთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთას ითვალისწინებს. ასეთია ოჯახების გაერთიანების, სამედიცინო ევაკუაციის და პატიმართა მონახულების პროგრამები.

ანდრო ბარნოვმა და დანიელ მესერლიმ სოფელ მეჯვრისხევში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრეს, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. გუბერნატორის თქმით, ის კარგად გაერკვევა აღნიშნულ საკითხში და ყველანაირად ეცდება, ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას.