პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ეს ბლეფი არ არის და „ლაზიკები“ და „დიდგორები“ რეალობაა“

1-blefi-politika2საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის მსმენელებს შეხვდა. მიმართვისას მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ეროვნული სამხედრო ტექნიკის წარმოების მნიშვნელობაზე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის როლზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს შეიარაღებულ ძალებში მსახური  პრესტიჟული გახდა, ეროვნულ აკადემიაში ჩაბარება კი აბიტურიენტებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

ეს არის საზოგადოების მხრიდან ქვეყნის პრიორიტეტების ახლებური ხედვა... ღმერთმა არ ქნას, ისეთი სისტემა შევქმნათ, სადაც ჩვეულებრივი ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ძალებთან. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ვფიქრობ, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ! – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიმართვისას მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საწარმო „დელტას“  შემდგომი ფუნქციონირების აუცილებლობაზეც ისაუბრა:  ჩვენ გვაქვს სამხედრო ტექნიკის საწარმო დელტა, რომლის შექმნითაც ძალიან ვამაყობ. ვიცი, რომ ახლა თავდაცვის სამინისტროში მიდის საუბრები, უნდა იყოს თუ არა დელტათავდაცვის სამინისტროში. მინდა, ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, დიდი შეცდომა იქნება, საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე.

ამასთან, აღნიშნა: მესმოდა არჩევნებამდე, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა არის ბლეფი... ხომ კარგად იცით, რომ ეს ბლეფი არ არის და ლაზიკები და დიდგორები რეალობაა... ეს არის საქართველოს რეალური მიღწევა, არ შეიძლება ამ ქარხნის თავდაცვის სამინისტროდან გატანა, იმიტომ, რომ ეს ქარხანა იყო გაძარცვული და განადგურებული. ჩვენ ნულიდან აღვადგინეთ და თუ ის სამინისტროს აღარ დარჩება, დაინგრევა... დაიკარგება ის უზარმაზარი ტალანტი , რომელიც იქ შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში“.

ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ტექნიკის წარმოების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუშინვე გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილ ზაზა ბროლაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა აგრძელებს მუშაობას.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ლიკვიდაციას. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. პირიქით, თუკი ადრე სამხედრო საბრძოლო მანქანების – „ლაზიკას“ და „დიდგორის“ – დაგეგმვა ხდებოდა ცალკეული პოლიტიკოსების გემოვნების მიხედვით, ამჟამად „დელტას“რეფორმირებული მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროფესიონალ სამხედრო ინსტრუქტორებთან და ამ საქმის ექსპერტებთან ერთად, რათა მათი კომპეტენტური აზრი იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა ზაზა ბროლაძემ.