სამართალი
კანონიერ ქურდებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცეს

1-cixeeსაქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ახლახან გამოცხადებული მასშტაბური ამნისტიის ფარგლებში ციხეებიდან გათავისუფლდა 6 კანონიერი ქურდი, 20 კრიმინალურ ავტორიტეტს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსის ქონა უკვე დანაშაულად ითვლება. ამგვარად, ის „ავტორიტეტები“, რომლებიც საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ, შეიძლება კვლავ დააკავონ და გაასამართლონ. ამ ვითარებაში, 6 „კანონიერ ქურდს“, გიორგაძის თქმით, წინადადება მისცეს, 24 საათის განმავლობაში საქართველო დატოვონ, მათ კი ეს წინადადება მიიღეს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აპირებს, მიმართოს პარლამენტს მოთხოვნით, რომ მუხლი, რომელიც „ქურდული სტატუსისთვის“ სასჯელის შეფარდებას ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღონ.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ამნისტიის შედეგად საპატიმროებიდან გათავისუფლდა რამდენიმე ათასი კაცი, მათ შორის, ოპოზიციის მომხრენი და შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული პირები. ახალმა ხელისუფლებამ ისინი პოლიტპატიმრებად გამოაცხადა.