საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ბრენდი „ბორჯომის“ ახალი მფლობელი ერთ-ერთი რუსული სტრუქტურა „ალფა-გრუპი“ გახდა. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა IDS Borjomi-ში საკუთარი წილი მას მიჰყიდეს. ახლა, უნდა ვივარაუდოთ, „ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე დაბრუნდება.
IDS Borjomi-ს თანამფლობელმა ინა გუდავაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ გარიგება დასრულებულია.
ზოგიერთი მონაცემით, გარიგების შედეგად სტრუქტურა „ალფა გრუპი“ 55,8%-ს იღებს, 37,2% პატარკაციშვილის ოჯახს რჩება, დანარჩენი – მინორიტარებს.
შარშან სექტემბერში ბერეზოვსკიმ და მისი პარტნიორის მემკვიდრეებმა – დედამ ნათელა პატარკაციშვილმა, ქვრივმა ინა გუდავაძემ და ქალიშვილებმა – ია პატარკაციშვილმა და ლიანა ჟმოტოვამ – სამშვიდობო შეთანხმება დადეს. ინა გუდავაძის წარმომადგენელმა 2011 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ ოჯახი ფონდ Salford-ში წილის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები Salford-ის კაპიტალიდან გამოვიდნენ. ამასთან, მათმა იურისტებმა განაცხადეს, რომ ბოლომდე არ გადაწყვეტილა დავა ჯოზეფ კეისთან, ბადრი პატარკაციშვილის ნახევარძმასთან, რომელიც ქართველი ბიზნესმენის ქონების განკარგვაზე აცხადებს პრეტენზიას.
რუსული კომპანიის მიერ ბრენდი „ბორჯომის“ შეძენამ შესაძლოა, ქართული მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება დააჩქაროს. ორი ქვეყნის ურთიერთობაში დათბობა შეინიშნება, 4 თებერვალს კი საქართველოს დელეგაცია „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებას დაიწყებს. გამორიცხული არ არის, რომ მოლაპარაკებაში ახალი მფლობელის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.
http://www.bfm.ru