საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 29 იანვარს, მინსკში, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ევდოკიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს დსთ-ში საქართველოს დაბრუნების თაობაზე, თუმცა ეს მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის თანხმობით უნდა მოხდეს.
„საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა ევდოკიმოვმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე დაწყებულია კონტაქტები ამ საკითხზე.თავის მხრივ, ევდოკიმოვის განცხადების პასუხად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანა დსთ-ში დაბრუნებას არ გეგმავს. უსუფაშვილის თქმით, ეს საკითხი განხილვის დონეზეც არ წამოჭრილა.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაცია. ქართველი ხალხის სურვილია დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. ქართველი ხალხის სურვილი იყო საბჭოეთიდან თავის დაღწევა. მე არ ვიცი, ამ ქვეყანაში თუ სხვა ხალხის ჩამოსახლებას აპირებს ვინმე, რომ მერე ისინი შეუერთდნენ რამეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის თქმით კი, რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არავითარი კონტაქტი არ არსებობს. „მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.