რედაქტორისგან
გია ცაგარეიშვილი: „გარემოს დაცვაში ხდებოდა ის, რაც ქართულ ციხეებში ხორციელდებოდა!“

1-analitikaNEW-giaსაქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი.

როგორც ჩანს, აღნიშნულ სფეროს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. მეტიც, რიგ რაიონებში არსებული გარემო კატასტროფულ ვითარებაშია და, სხვადასხვა შემთხვევაში, კონკრეტული საწარმოებისა და პიროვნებების მიმართ საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმეა აღძრული.

საქინფორმთან საუბრისას ბატონი გია იმ ძირითად პრობლემებს შეეხო, რომლებიც მისი მუშაობის ორთვიანი პერიოდის შესწავლისას გამოიკვეთა.

– ბატონო გია, ორი თვეა, რაც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავეთ. რა ვითარებაა ამ სფეროში?

– ჩვენი ორთვიანი მუშაობის შედეგად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გარემოს დაცვაში ხდებოდა ის, რაც ქართულ ციხეებში ხორციელდებოდა (უტრირებას ვახდენ).

პრობლემები დაიწყო შევარდნაძის მმართველობის დროიდან და ამ „ვაჟბატონებმა“ („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ) ეს პროცესი გააგრძელეს, ოღონდ უფრო აგრესიულად და ცინიკურად. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ამ სფეროში დანერგა უკონტროლობა, თავაშვებულობა და განუკითხაობა. შედეგად მივიღეთ გაჩანაგებული ტყეები, დაბინძურებული მდინარეები, გარემოში საშინელი მომწამვლელი ნივთიერებების გამოფრქვევები  და სხვა უბედურებები.

უამრავი წერილი შემოდის ტყის გაჩანაგებასთან დაკავშრებით – ძალიან ბევრმა ვიგინდარამ (მაპატიეთ, სხვა სიტყვას ვერ გამოვნახავ) იმ გარდამავალი პერიოდით ისარგებლა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა და სათავისოდ გამოიყენა. მინდა, გითხრათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ნება დართო ყველა მსურველს, შესულიყო ტყეში და გამოეტანა იმდენი საშეშე თუ სამერქნე მასალა, რამდენიც მას მოუნდებოდა. მაგალითსაც გეტყვით – აჯამეთის აღკვეთილში (არის ასეთი ადგილი, სადაც უნიკალური კოლხური მუხა ხარობს) არჩევნების დროს 13 000 კუბური მეტრი მასალის მოჭრის ნებართვა გაიცა... ეს არის აჯამეთის აღკვეთილის დასასრული. ცნობისათვის: ეს არის ის ტყე, სადაც დავით აღმაშენებელი ნადირობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტრომ საერთოდ დაკარგა გარემოს დაცვის კონტროლის ფუნქცია და მოხდა მისი დანაწევრება სხვადასხვა უწყებაში (ეკონომიკის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო). ფუნქციების ასეთმა გახლეჩამ გამოიწვია ის, რომ უწყებას, ფაქტობრივად, პატრონი არ ჰყავდა.

ერთი შეხედვით, ეს პრობლემები საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის. უფრო პოპულარულია პოლიტიკური ინსინუაციები, კრიმინალთან ბრძოლა, პარლამენტის დებატები, ყვითელი პრესის ამბები და ა. შ. მე ამ თემების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, არსებული რეალობა ცხადყოფს, რომ გარემოს დაცვა საერთოდ გამოგვრჩა და ყურადღებას არავინ აქცევს.

სულ რამდენიმე ჟურნალისტი ვიცი, ვინც ამ თემებზე მუშაობს. გეგმაში მაქვს, აღნიშნულ საკითხზე მედიისთვის პრეზენტაცია და კვლევა მოვაწყოთ, რომ თქვენ დაინტერესდეთ ამ პრობლემებით. თუ ჩვენ ერთად ამ საკითხებს აქტუალურს არ გავხდით, კატასტროფულ ვითარებამდე მივალთ.

– ბატონო გია, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რაიონი, სადაც გარემოს დაცვის კუთხით უმძიმესი ვითარებაა, არის ზესტაფონი...

– დიახ ასეა. არავინ იცოდა, რა ხდებოდა იქ. ზესტაფონში, სადაც 40 000-მდე მოსახლეა, სკრინინგ ცენტრში სიმსივნით დაავადებული 1 700 ავადმყოფია აღრიცხული. ეს სრული კატასტროფაა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობის შედეგად გარემო დაბინძურდა. ყოველდღიურად ხდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშინლად მომწამვლელი ნივთიერებების გამოფრქვევა. მეტსაც გეტყვით, აღნიშნული ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობს. ამ საწარმოს ნებართვა ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ ააღებინა.

– თქვენ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

– ამჟამად აღძრულია საქმე და რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაბიჯი. თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ჩვენ მივმართავთ ყველა დაშვებულ ზომას, რომ მათ ეს ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხანა ვერ გააგრძელებს მუშაობას. მე, პირადად, ნაკლებად მაღელვებს, ვინ შოულობს ფულს; მე მაწუხებს ჩემი თანამემამულის ჯანმრთელობა, რომელიც ცხოვრობს ამ ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ექმნებათ, რომ ვიღაც იქ მილიონებს შოულობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

გარდა ამისა, ზესტაფონში სალიანდაგე ხაზი პირდაპირ შუა ქალაქში გადის. მაზუთით, ნავთობით, თხევადი გაზით და სხვა საშიში ნივთიერებებით დატვირთული უზარმაზარი ეშელონები შუა ქალაქში  ჩერდება – საბავშვო ბაღების, სკოლების და სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომაც არის ამ რაიონში ონკოლოგიური დაავადებების შემაშფოთებელი სტატისტიკა. არ მინდა, დრამატული სურათი დაგიხატოთ, მაგრამ რეალობაა ის, რომ შესაძლოა, უახლოეს ათ წელიწადში ზესტაფონელი ქალბატონების თითქმის ნახევარი სიმსივნით დაავადდეს.

ჯანდაცვის მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე  წუხან, რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვთ (ორი მილიარდ სამასი მილიონი) და ეს თანხა პირველად ჯანდაცვაზე იხარჯება. ეს მართლაც საწუხარია, რადგან ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით ძალიან გვიჭირს. მე მათ ვუთხარი, რომ თუ ისინი გარემოს დაცვაში ფულს არ ჩადებენ, 5 წლის შემდეგ ქვეყანას პირველად ჯანდაცვაზე  5 მილიარდი დასჭირდება. როგორც იცით, ონკოლოგიაზე უზარმაზარი თანხა იხარჯება. ეს ყველაფერი ამ დაბინძურების წერტილებიდან მოდის.

უმნიშვნელოვანესი პრობლემებია ხარაგაულშიც, რაც რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია. სამინისტრომ ამ რაიონში ათეულობით მილიონი ლარის ზარალი დათვალა. ხალხი ასე მტრობდეს საკუთარ ქვეყანას, არ მინახავს. წყლის ცნობილი საბადო „ზვარე“ აღარ არსებობს – დააბეტონეს და ზემოდან რკინიგზის რელსები გადაატარეს.

ხარაგაულში მრავალმილიონიანი ეკოლოგიური კატასტროფაა დამდგარი. იმ ჩინურ კომპანიას, რომელიც რაიონში სამუშაოებს აწარმოებდა, საქართველოს რკინიგზა მართავდა, რომელიც პროექტის დამკვეთი იყო. მათ უთხრეს, რომ დაენგრიათ, აეფეთქებინათ და მდინარე ძირულაში ჩაეყარათ მიწა (ამ სამუშაოების შედეგად მდინარეს კალაპოტი შეეცვალა).

მიწის ნაყოფიერი ფენა ჰუმუსი, რომლის 20-სანტიმეტრიანი ფენის შექმნას 2 ათეული წელი სჭირდება, კილომეტრობით არის მოჭრილი და მდინარეშია ჩაყრილი. მიწის ნაყოფიერი ფენა უნიკალური რამაა, რაც მსოფლიოში ნავთობსა და გაზზე უფრო ძვირად ფასობს. ამ მიწის დასაწყობება და შემდგომში გამოყენება შეიძლება. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა.

სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნულ საკითხზე ჰქონდათ შეხვედრა რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. ორივე მხარე შეშფოთებულია. ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტების შესწავლას დაიწყებენ  და ძალიან ბევრი დაისჯება. ის, რაც ამ ვაიქარველებმა გააკეთეს, თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული დიდი დანაშაულია.

– როგორც ცნობილია, მთავრობამ გარემოს დაცვის სფეროს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც 5 თებერვალს განსახილველად გადის ბიუროს სხდომაზე. რას ითვალისწინებს ეს ინიციატივა?

– კანონპროექტი დარეგისტრირებულია კანცელარიაში და მისი განხილვა ბიუროზე დაიწყება. ინიცირებულია 43 ცვლილება, რაც სამინისტროს აღორძინებას ითვალისწინებს.

დღესდღეობით ჩვენ სამინისტრო არ გვაქვს – გამოშიგნული და ფუნქციადაკარგულია. როცა გვირეკავენ სხვადასხვა რაიონიდან და გვატყობინებენ, რომ, მაგალითად, ჭიათურაში, ლაგოდეხში, მარნეულში და სხვა ადგილებში დაბინძურების კერები და სხვადასხვა კანონდარღვევაა,  ელემენტარულად, არ გვყოფნის ხალხი, ვისაც მივავლენთ ვითარების შესასწავლად. ამ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, აქვთ 400-500 ლარამდე ხელფასი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შენ შეგნებულად უბიძგებ მათ ქრთამის აღებისკენ.

ჩვენი მიზანი არ არის, გამოვაცხადოთ ნულოვანი ტოლერანტობა  და ეს ადამიანები ციხეში გავუშვათ, რადგან  შედეგად ვერაფერს მივიღებთ. ეს არის ერთ-ერთი მანკიერი მხარე ამ ვაირეფორმისა, რომელიც ხაჩიძისა და სხვების თაოსნობით განხორციელდა 2010-2011წლებში და მოსპო სამინისტრო. თუ ვიღაცას ბელადზე სიმღერის დაწერა და „მიშა მაგარიას“ ძახილი უნდოდა (ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე მყავს მხედველობაში), ამისათვის არსებობდა ესტრადა; სამინისტროსა და გარემოს დამცველებს რას ერჩოდა?! .

მე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და ცხრა წელია, საკანონმდებლო ორგანოში ვმუშაობ. ფაქტობრივად, გარემოს დაცვის კომიტეტი არ არსებობდა. მე არ მახსოვს ამ კომიტეტის მიერ განხილული არცერთი პროექტი, გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც  დარგის მოსპობას ეხებოდა. იგივე ეხება სამინისტროსაც.

ჩვენ გვინდა დარგის აღორძინება. ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგ უნდა დაიწყოს სამინისტროსთვის ახალი ფუნქციების დამატება, ახალი პრობლემების შესწავლა, ინტეგრირებული კავშირების აღდგენა სხვადასხვა უწყებასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

– ბატონო გია, არსებული ფინანსური რესურსებით რამდენად შეძლებთ პრობლემების გადაჭრას?

– დღეს ჩვენ გვაქვს 40 მილიონი. ეს კარგია. პირველი ნაბიჯებისთვის ეს თანხა საკმარისია. ვფიქრობ, მომავალ წელს ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ. პირველად ოცი წლის განმავლობაში, ტყეების ინვენტარიზაციისთვის საჭირო ერთი მილიონი ლარი მოვიძიეთ. გვინდა, განვახორციელოთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ავიღებთ კონკრეტული ტყის მასივს და შევისწავლით ყველა დეტალს. რეალურად, დღეს არ ვიცით, რას ვფლობთ, რა მცენარეებია ტყეებში, რა ჯიშებია გავრცელებული, როგორია ტყის ფართობების მიწის მდგომარეობა, რა ხდება მდინარეების აუზებში და სხვა. ბატონმა ბენდუქიძემ ინვენტარიზაციის გარეშე გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა გადაწყვიტა. ეს არის დანაშაული (მათ შორის, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე), როცა მეწარმეს ტყის სავარგულს აძლევ და ამაში მილიონს ახდევინებ... იქნებ, ეს ოცი მილიონი ღირს ან, იქნებ, მილიონიც არ ღირს და მისი ფასი მხოლოდ 100 000-ია...

– ეს საკითხებიც საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს?

– ინვენტარიზაციას საკანონმდებლო უზრუნველყოფა არ სჭირდება, თუმცა, ამ მიმართულებით რეფორმებია ჩასატარებელი.

ჩვენ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, შეიქმნება საკონკურსო პირობები, კომისია და თქვენი მეშვეობით ყველა პროფესიონალს მოვიწვევთ სამუშაოდ.

უამრავი ადამიანია, ვისაც გული შესტკივა ამ სფეროზე და უნდა მუშაობა. ხალხმა დაინახა, რომ სამინისტროს სათავეში აღარ არის ის ადამიანი, ვინც დოლების კოლექციის შეძენით არის დაკავებული და იმედი გაუჩნდა, რომ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის მოგვარებას.

– ბატონო გია, როგორც ცნობილია, გარემოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც. როგორია თქვენი პოზიცია ამ მიმართულებით?

– ჩვენ ძალზე ცუდი მემკვიდრეობა გვერგო წილად. აქამდე მიმდინარე თავაშვებული მშენებლობები ცუდად მოგვიბრუნდება. გარემოს დაცვის კომიტეტი და სამინისტრო ამ პროცესებში არ მონაწილეობდა – შეგნებულად არ გვახედებდნენ საქმეში. გადაწყვეტილებებს იღებდნენ სააკაშვილი, გილაური და ხეთაგური. მაგალითისთვის მოგიყვანთ დარიალს, სადაც ჯერ მშენებლობა დაიწყო და მხოლოდ მერე მოხდა უზარმაზარი სავარგულების ამორიცხვა დაცული ტერიტორიების ნუსხიდან. ანუ, რომ დაიწყეს მშენებლობა და დაინახეს, რომ კანონს არღვევენ, დაიბარეს თანამდებობის პირები და უბრძანეს, სასწრაფოდ ამოერიცხათ ეს ტერიტორია, რადგან დაცულ ტერიტორიებზე არავითარი მშენებლობის წამოწყება არ შეიძლება. შემდეგ ძველი რიცხვით დაიწყეს საბუთების ჩასწორება...

– და ამაზე პასუხს არავინ აგებს?

– დოკუმენტაცია პროკურატურაშია გაგზავნილი და, ჩემი ინფორმაციით, დაწყებულია მოკვლევა. არ არის გამორიცხული, აღნიშნული ფაქტზე საქმე აღიძრას.

მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ მშენებლობების წინააღმდეგნი არ ვართ, უბრალოდ, უნდა ავწონ-დავწონოთ, რა რისკები გვაქვს.

– დღეს რამდენად შეთანხმებულად მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროსთან უშუალო კავშირში მყოფი სამინისტროები, კომიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები?

– მე და ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ენერგეტიკის სამინისტროსთან და პირადად ბატონ კახი კალაძესთან, ვისმენთ ერთმანეთის მოსაზრებებს და ვიზიარებთ. აქამდე საერთოდ არავინ იცოდა, არსებობდა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო. შეშინებულ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს თავში წამოარტყამდნენ და აიძულებდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საბუთზე ხელმოწერას. ადრე ასეთი მიდგომა იყო – „არქიფო სეთურმა ბრძანა და ასე უნდა მოხდეს“... ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.

რაც შეეხება ურთიერთობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პირადად მქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ყველა ძირითადი საკითხი და შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებდით სხვადასხვა მიმართულებით.

ესაუბრა ნატა წერეთელი