საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. გუშინ პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შეჩერებული პროექტები და ის არსებული საფრთხეები იყო, რომლებიც ამნისტიის განხორციელების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.
ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების ფაქტს დაუთმო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი პიროვნებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.„მინდა, ბოლო მოვლენებს გამოვეხმაურო ჯავახეთთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან კრიმინალი, ძალიან საშიში ვაჰაგნ ჩახალიანი გამოუშვეს და ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ თუ ასეთი კრიმინალი იყო, რატომ არ მიესაჯა მას სეპარატიზმის ბრალდება. ბოდიშს ვიხდი და, ამ პარლამენტმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა სახელმწიფო ამბოხის მონაწილეებს, რუსეთის ჯაშუშებს, სეპარატისტებს არ შეიყვანდა პოლიტიკური პატიმრების სიაში?! რა თქმა უნდა, შეიყვანდა და პოლიტიკურ გმირად გამოიყვანდნენ ციხიდან. ამბობდნენ, რომ აი, სააკაშვილმა თავისი ხმაურით ახლა ჩახალიანი აქცია გმირად. მთელი ეს წლები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩვენ იქ ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს და არავის არ ვაწუხებდით, მაგრამ, ნება მიბოძეთ და, არავის არ გეწყინოთ, რომ თუ ვანგრევთ ქართულ სახელმწიფოს, ამაზე ხმას ამოვიღებ!
რა მესიჯს ვუგზავნით ჩახალიანის გაშვებით იმ ქართველებს, რომლებიც იქ ქართულს ასწავლიან? რას ვეუბნებით იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ეთნიკურად სომხებს, რომლებმაც დაიჯერეს ქართული სახელმწიფოებრიობის, იმის, რომ მათი მომავალი არის საქართველო! ახლა ჩავა ეს ბანდიტი და დაატერორებს მათ, ვინც არის საქართველოს სახელმწიფოს მხარეს, და ვინ დაიცავს მათ?“, – განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ქართული სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა, ჩვენ ვქმნით მას ბოლო ცხრა წელიწადია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რაც ახალქალაქში გაუჩნდათ ჩვენს მოქალაქეებს ბოლო წლებში, არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში...მე არ მინდა, რომ გაქრეს სახელმწიფოებრიობის განცდა. მე არავის არ ვაშინებ და არც მინდოდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ ბანდიტებმა ვერ შეძლონ დატერორება და ადგილზე სიტუაციის წაყვანა.
იმიტომ, რომ რუსეთის არმიის ახალი დოქტრინის თანახმად, რომელიც ამ დღეებში გამოაქვეყნეს, რუსეთის ახალი ომები ადგილობრივ საპროტესტო პოტენციალს ეფუძნება... ანუ, ადგილზე ჯერ ხალხი უნდა გამოვიდეს, პროტესტი უნდა გამოთქვას და მერე შემოდიან“.