გლუკის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გორში გაიმართება
საქართველო, 29 იანვარი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახური ატყობინებს, გუბერნატორ
ანდრო ბარნოვსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) წარმომადგენლებს შორის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა 4 თებერვალს გორში გაიმართება.
შეხვედრის მიზანია გუბერნატორის ოფისისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე, იმ
ორგანიზაციების წამომადგენლების ერთად შეკრება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებენ პროექტებს, და მათთან ერთად მიმდინარე საკითხების განხილვა. გასულ კვირას ბარნოვსა და გლუკის წარმომადგენელ სიმონე ვოლკენს შორის შეხვედრა უკვე შედგა. შეხვედრაზე განხილული იქნა გლუკის გარდამავალი სტრატეგია, ასევე, ორგანიზაციის როლი სამართლებრივი დაცვის საკითხებში. გუბერნატორი გაეცნო გლუკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ბარნოვმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა იმ პროექტების მიმართ, რომელთა მიზანიც მოსახლეობაში შემოსავლის ზრდას გულისხმობს. საუბარი შეეხო სამართლებრივ საკითხებზე შექმნილი საკოორდინაციო შეხვედრების გაგრძელების თემასაც.