საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ვაჰაგნ ჩახალიანის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„პოლიტპატიმრების და სხვა ამნისტირებულ პირთა, მათ შორის, ვაჰაგნ ჩახალიანის, გათავისუფლებამ გამოიწვია ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიური რეაქცია, რომლის წარმომადგენლები გასული დღეების და კვირების განმავლობაში და, განსაკუთრებით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ არაკორექტულ განცხადებებს, ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ანტისომხური განწყობების გავრცელებას საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადეს, რომ მათ მიერ პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ვაჰაგნ ჩახალიანი ვითომდა სეპარატისტია, უცხოური სპეცსამსახურების აგენტი და მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის. ასეთი გულწრფელი განცხადებებით პრეზიდენტმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკულად არ არსებობდა მართლმსაჯულება. თუ ჩახალიანი რეალურად იყო სეპარატისტი და აგენტი, მაშინ რატომ არ გაასამართლეს ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით? ამ პარადოქსს ერთი ახსნა აქვს: წინა მთავრობა მართლმსაჯულების სისტემას სპეციფიკურად იყენებდა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის თავს, აგრეთვე, ნება მისცა, ეხსენებინა მისი უწმიდესობის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორეს სახელი, განაცხადა, რომ გათავისუფლება მოხდა მისი უწმიდესობის თხოვნით. გვინდა, გამოვაცხადოთ, რომ მიმართვას ჰქონდა ჰუმანური მიზეზები და მოხდა ჩახალიანის მშობლების თხოვნით და ყოველთა სომეხთა სულიერ მოძღვარს არ შეეძლო, რეაგირების გარეშე დაეტოვებინა მათი თხოვნა. მეორე, ჩახალიანს ყოველ შემთხვევაში ეხებოდა ამნისტია, რადგან მას ბრალი ჰქონდა წაყენებული დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია 2013 წლის 12 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ასევე, არაერთხელ ახსენა სხვა ყოფილი პოლიტპატიმრის – არმენ გევორგიანის გვარი, რომელსაც პრეზიდენტმა ასევე, ბრალი დასდო ჯაშუშობაში. ნუთუ სიაში მყოფი 200 პოლიტპატიმრიდან სააკაშვილმა შეძლო, ამოეკითხა მხოლოდ ეს გვარები და ეტრიალებინა ისინი კონკრეტული მიზნებისთვის? უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანისტური მოტივებიდან გამომდინარე, არმენ გევორგიანის გათავისუფლებისთვის თავის დროზე პრეზიდენტის წინაშე იშუამდგომლა მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია გმობს ზემოაღნიშნულ ქმედებებს და განცხადებებს და მოუწოდებს ცალკეულ პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ეხება მშვიდობასა და სიმშვიდეს ჩვენს მრავალეთნიკურ სამშობლოში, ისევე, როგორც ორ მოძმე – ქართველი და სომეხი – ხალხის ურთიერთობებს.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა უსიამოვნებისა, ჩვენი ხალხები კვლავ გააგრძელებენ კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებას და საქართველოს მოქალაქე სომხები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან საქართველოს ერთგული შვილები“.