საზოგადოება
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება – ზეწოლა მერიიდან?

1-marSrutebi-sazoo3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. უკვე მეოთხე დღეა, დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ. ისინი დღეს ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით მერიასთან აპირებენ შეკრებას. გადაწყვეტილება „თბილლაინის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მიიღეს.

მძღოლები დღიური გეგმის შემცირებას, ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, მგზავრთა გადაყვანისთვის ტარიფების შემცირებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენას მოითხოვენ. განაახლებენ თუ არა ისინი მუშაობას, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული.

მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მოლაპარაკების გაგრძელება და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.

მძღოლების განცხადებით, ეს კომპანია საკითხს ვერასოდეს წყვეტდა ქალაქის მერის გარეშე. უფლებადამცველ მელორ ვაჩნაძის განცხადებით, „ზეწოლა ზევიდან არის, მერიიდან. პირადად გიგი უგულავას და შარანგიების ინტერესია მათ საქმიანობაში ჩადებული და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ გიგი უგულავას შეუძლია“.

ცნობისათვის: თბილისის მერია გასული კვირის ბოლოს განცხადებით გამოეხმაურა აქციის მონაწილეებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსსა“ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის არსებული ურთიერთობა კერძო სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს“ და მოუწოდებს მძღოლებსა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს, გამონახონ საერთო ენა,  ცივილიზებული გზით  გადაწყვიტონ არსებული დავა და ქალაქში სამარშუტო ტაქსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ  მუშაობა, რათა გათვალისწინებული იქნეს თბილისელების ინტერესები“.