სამართალი
ბაჩო ახალაიას საქმე

1-TuTebriZe-samarTaa1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. თეა თუთბერიძემ საქინფორმს პუბლიკაცია გადმოუგზავნა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„3 თვეა რაც ბაჩო ახალაია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს,  გააგრძელოს ბაჩო ახალაიას პატიმრობა და წინასწარი საგამოძიებო ვადა. სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა 2012 წლის 25 დეკემბერს იყო დანიშნული. ეს ვადა პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ 2013 წლის 30 იანვრამდე გააგრძელა. პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებების მოპოებას. მათ არ გააჩნიათ არც ნივთიერი მტკიცებები, არც სამხილები და არც ექსპერტიზის დასკვნები, არცერთი კატეგორიის პირდაპირი მტკიცებულება, რაც არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების უხეში დარვევა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც პროკურატურას დღემდე არ აქვს.  სწორედ ამიტომ  პროკურატურამ კვლავ მოითხოვა ბაჩო ახალაიას საქმის გადადება სასამართლოში, ამჯერად 21 თებერვლამდე.

ყველაზე მძიმე ბრალდება რაც ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეში არის, უკავშირდება ე.წ. სენაკის ინციდენტს. აღნიშნულ ინციდენტზე, მას წაყენებული აქვს ბრალდება წამების და თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებით. აღნიშნული ბრალდებები  გულისხმობს, რომ თითქოსდა ბაჩო ახალაიამ დაავალა ვინმე ალექსანდრე გორგოძეს 19 ჯარისკაცი ჩაეკეტა ე.წ. აბანოში.

ვინაიდან დაცვის მხარემ, რამოდენიმე დღის წინ პროკურატურას გაუცვალა მასალები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არა თუ არც ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება არ არის საქმეში, არამედ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც ერთი პირის ჩვენება, რომელიც  პროკურატურას აქვს, აღნიშნულ ბრალს არ ადასტურებს. არც ერთი ის 19 ჯარისკაცი საკუთარ ჩვენებაში არ ამბობს, რომ მათი ჩაკეტვის ბრძანება ბაჩო ახალაიამ გასცა და რომ მათ მსგავსი რამ გაიგეს.  ერთადერთი რასაც ისინი აცხადებენ საკუთარ ჩვენებებში, არის შემდეგი:  ბაჩო ახალაიამ წასვლის წინ ოფიცრებს უთხრა, მიხედეთ,  მოასვენეთ ბიჭებიო, რაზედაც შემდეგ უკვე აკეთებენ თავიანთ ინტერპრეტაციას, რომ თითქოს მათ ცინიზმი ამოიკითხეს ბაჩო ახალაიას ამ ნათქვამში. ის თუ რა ამოიკითხეს ამ ჯარისკაცებმა ბაჩო ახალაიას ნათქვამში, არ შეიძლება ადამიანს შეერაცხოს ბრალად.

აგრეთვე, ადამიანი, ვისაც აბრალებენ აბანოში 19 ჯარისკაცის გამოკეტვას, ალექსანდრე გორგოძე, აცხადებს, რომ არანაირი ბრძანება მას ბაჩო ახალაიასგან არ მიუღია. საგულისხმოა, რომ პირი რომელსაც ედავებიან, თითქოს იგი დამხმარე იყო გორგოძის აღნიშნულ ქმედებაში,  მერაბ კიკაბიძე (გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე), საჯაროდ აცხადებს, რომ მას აიძულებენ ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. მერაბ კიკაბიძეს უთხრეს, რომ თუ იგი ახალაიას და კალანდაძის წინააღმდეგ არ მისცემდა ჩვენებებს, ვერ დაბრუნდებოდა ამერიკაში და ბრალს წაუყებედნენ. სამჯერ ჰყავდათ მიყვანილი პროკურატურაში, ისე რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს და არ დაკითხეს ოფიციალურად. პროკურორი კოტე ცაცუა და სხვები მერაბ კიკაბიძეს აიძულებდნენ მიეცა ბაჩო ახალაიაზე და გიგი კალანდაძეზე ჩვენება. მას შემდეგ, რაც იგი ვერ დაიყიოლიეს ცრუ ჩვენებების მიცემაზე, მას თავად წარუდგინეს ბრალი და შევიდნენ სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, სასამართლომ მერაბ კიკაბიძეს აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

აქედან დასკვნა, რომ აღნიშნული მძიმე მუხლები ახალაიას წაყენებული აქვს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ამ მუხლებმა განაპირობოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.  პროკურატურამ  კარგად იცის, რომ ამ ბრალდებას სასამართლო პერსპექტივა არ აქვს.

რა საეჭვო გარემოებებს მოიცავს ბაჩო ახალაიას საქმე

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 5 ნოემბერს ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. მან სახელმწიფო საზღვარი დაახლოებით დღის 2 საათზე გადმოკვეთა. 
წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ პერიოდში ახალაიას წინააღმდეგ საზოგადოებას არაერთი ბრალდება ესმოდა - მას სადისტად, მკვლელად და მწამებლად სახავდნენ. მიუხედავად ამისა კბილაშვილის უწყებას მისთვის არცერთ ასეთ საქმეზე ბრალი არ წაუყენებია.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ძიება იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია საქართველოში ბრუნდება. მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ ამის შედეგ, 6 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და ჩამოთვლილი მიზეზების გამო ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სახეზეა საქმის შეკერვისა და გაყალბების მცდელობა. კერძოდ: 
• მოწმეების ჩვენებების მიხედით 5 სამხედრო პირის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი მოხდა 2011 წლის სექტემბერში. მაშინ, როდესაც ამ პირებმა საჩივრის შეტანა გადაწყვიტეს ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, ახალაიას ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ (2012 წლის 6 ნოემბერს). 
• უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ფაქტი მოხდა 2011 წლის სექტემბერში, მაშინ როდესაც ზვიად აბესაძემ საეჭვოდ განცხადება შეიტანა ასევე მხოლოდ ერთი წლის და ერთი თვის თავზე ახალაია ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ (2012 წლის 6 ნოემბერს). 
• ამ ორივე შემთხვევაში განცხადების შეტანიდან ერთ საათში დაიწყო მოწმეების დაკითხვა.    უპრეცედენტოდ სწრაფი რეაგირება მოხდა განცხადებებზე, რაც დამატებით ეჭვებს იწვევს. 
• საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2012 წლის 6 ნოემბერს, მოქალაქე შოთა ბედოშვილის განცხადების საფუძველზე, 6 ნოემბერსვე პირველი მოწმის დაკითხვა პროკურატურამ დაიწყო 17.50 სთ-ზე (პირველ მოწმედ, საქმის მასალების მიხედვით, თავად შოთა ბედოშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა მოხდა). ხოლო მთავარი პროკურატურიდან, 6 ნოემბერს, ბაჩო ახალაიას დაუკავშირდნენ დაახლოებით 17.00-დან 18-საათამდე და დაიბარეს მთავარ პროკურატურაში (ამ დროს ბაჩო ახალაია ზესტაფონის რაიონის მისადგომებთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც მობრუნდა და წამოვიდა თბილისში). საქმის მასალებიდან დგინდება, რომ პროკურატურას ჯერ კიდევ ერთი მოწმის დაკითხვაც კი არ ჰქონდა რეალურად დაწყებული (არა თუ დასრულებული), როცა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი 18.00 სთ-ზე და განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია დაბარებულია მოწმის სახით დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში. (10-15 წუთი რეალურად მოწმის დაკითხვის ოქმში მხოლოდ მოწმედ დასაკითხი პირის მონაცემების შევსებას სჭირდება და იმ განმარტებების მიცემას მოწმისთვის, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პირის მოწმის სტატუსით დაკითხვის დაწყებისას).
მოწმეებზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება
პროკურატურის, სამხედრო პოლიციისა და შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოწმეებზე განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა, მათ შორის დაჭერის მუქარა. ასევე, იყო მცდელობები სხვადასხვა დაპირებებით დაეყოლიებინათ მოწმეები, ჩვენება მიეცათ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. (დაცვის მხარეს მოეპოვება ამის დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები). 
ეს მოწმეები არიან: 
1. მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2012 წლის 9 ნოემბერს, ბაჩო ახალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ეს მოწმეები, რომლებიც საქმეში მთავარი მოწმეები არიან, გადიან კონტაქტზე თეა თუთბერიძესთან, სადაც ისინი საუბრობენ იმ ზეწოლის და მუქარის ფორმებზე, რაც მათ მიმართ განხორციელდა ჩვენებების მიღების მიზნით პროკურორ თენგიზ ხარებავას, ასევე იქ მყოფი გამომძიებლის და პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან. 2012 წლის 12 ნოემბერს, 14.00 სთ-ზე, თეა თუთბერიძე ატარებს პრაიმტაიმის პრეს-კლუბში პრესკონფერენციას და გადასცემს ჟურნალისტებს ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მანუჩარ დარასელიას ვიდეო ჩანაწერს, სადაც იგი საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ მოწმეების ჩვენებებს ემყარება ბრალდების ვარაუდი, რომ თითქოსდა მოხდა ზვიად აბესაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა, ასევე მის კუთვნილებაში მყოფი ავტომანქანის უკანონო დაუფლება და რატომღაც მოგვიანებით მისთვის უკანვე დაბრუნება იმავე ავტომანქანის. მას შემდეგ, რაც გავრცელდა მანუჩარ დარასელიას ვიდეო ჩანაწერი და პროკურატურისთვის ცნობილი ხდება, რომ მოწმეები, დარასელია და კინწურაშვილი ჩვენებებს ცვლიან, იმავე დღეს, 12 ნოემბერსვე, მოგვიანებით, 21.15 სთ-ზე ხდება მათთვის ბრალის წაყენება დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. მაშინ როცა, მათი მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, საქმეში არ მოიპოვება არც-ერთი მტკიცებულება თუ მოწმის ჩვენება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო დარასელიასთვის და კინწურაშვილისთვის, დაკითხვიდან 5 დღის შემდეგ, ბრალის წაყენების საფუძველი. მომდევნო დღეს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ პირების მიმართ გამოძიებამ ლმობიერება გამოიჩინა და თავიდან სწორედ ამიტომ არ წაუყენა ბრალი დანაშაულში თანამონაწილებისთვის. ამ განცხადებით, პროკურორმა კბილაშვილმა რეალურად დაადასტურა თუ რის საფასურად მოხდა კინწურაშვილისგან და დარასელიასგან იმ სახის ჩვენებების მიღება, რაც გახდა ბაჩო ახალაიასთვის ბრალდების დამძიმების და ახალი ბრალდების წაყენების საფუძველი. ისიც აღსანიშნავია, რომ რატომღაც მთავარ პროკურატურაში ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა. რატომღაც არ დაინტერესებულა გამოძიება არც იმით, რასაც ეს მოწმეები აცხადებდნენ იყო სიმართლე, თუ ისინი ცრუობდნენ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზ/აღნიშნულ საქმეში, მოწმეები ჩვენებში აცხადებენ, რომ ნახეს, თუ როგორც ჩადიოდნენ ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე დანაშაულს. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ მათ მოახდინეს დანაშაულის დაფარვა, ვინაიდან აღნიშნული მძიმე სახის დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც მათივე ჩვენებიბის თანახმად ჩადენილ იქნა 2011 წლის სექტემბერსში, ამის შესახებ მათ განაცხადეს არა მაშინვე, დაუყოვნებლივ, ან თუნდაც ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე, არამედ მხოლოდ მას შემდეგ რაც ბაჩო ახალაია დაბრუნდა საქართველოში. ამ პირების მიერ მიცემული ჩვენებებიდან, აშკარად ჩანს, მათი თანამონაწილეობა საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ პირებისთვის, მოწმეებად დაკითხვის შემდეგ, ბრალის წაყენება არ მომხდარა არც დანაშაულის დაფარვის და არც დანაშაულში თანამონაწილეობის მუხლით. ეს აშკარად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ადამიანებს ჩვენებები საკუთარი ინიციატივით არ მიუციათ და რომ მათ ეს ჩვენებები სასწრაფო წესით დააწერინეს. ამავე დროს, ის რომ დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, ეს პირები იმავე დღეს პასუხისგებაში არ მისცეს, ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ფაქტობრივად აღიარა რომ ჩაბო ახალაიას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. 
2. მამუკა საბანაძე (ბაჩო ახალაიას ყოფილი თანამშრომელი), რამოდენიმეჯერ დაიბარეს პროკურატურაში. მას აიძულებდნენ, რომ მიეცა ჩვენება ციხის ბუნტთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ციხის ბუნტი ბაჩო ახალაიას ორგანიზებული იყო და რომ მამუკა საბანაძემ  საკუთარი თავი თვითონ დაიჭრა ბუნტის დროს. მას ასევე უთხრეს, რომ ნუ ჩაყვებოდა ჩაძირულ გემს და დახმარებოდა პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ. 
3. თემურ ტაკიძე (ბაჩო ახალაიას პირადი დაცვის უფროსი) ახალაიას დაკავების შემდეგ დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში. 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ შანტაჟით და მუქარით, მასზე მოეხდინათ ზეწოლა. მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ ვერ დააშინებდნენ, დაუწყეს საუბარი, რომ ყველა აღიარებს ცემას და წამებას ციხეებში, აზრი არ აქვს უარყოფას და უმჯობესია რომ შენც მისცე მსგავსი ჩვენება გამოძიებას. წინ დაუდეს ფურცლები და უთხრეს, რომ იქ იყო ჩვენებები კონკრეტული პირების ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომ საქმე გამოძიებული და დასრულებული იყო და რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა. როგორც შემდეგ გაირკვა ახალაიას საქმეში მსგავსი ჩვენებები არ არსებობდა. 
4. გრიგოლ ბაკურაძეს (შსს ამჟამინდელი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი), დეპუტატ კახა ბუცხრიკიძესთან პირად საუბარში აცხადებს (ამის აუდიო ჩანაწერი არსებობს), რომ მასზე ხორციელდებოდა „ნაჟიმი“. მის დაკითხვას დაახლოებით 10 პირი ახორციელებდა და აიძულებდნენ მათთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა. ბაკურაძე ასევე საუბრობს ზვიად აბესაძის მხრიდან მისი მეუღლის მიმართ გაკეთებულ შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც, თუ გრიგოლ ბაკურაძის მეუღლე, ეკა მგალობლიშვლი ისეთივე ჩვენებას მისცემდა გამოძიებას, რასაც თავად ზვიად აბესაძე საუბრობდა ჩვენებაში, მაშინ ეკა მგალობლიშვლის პატიმრობაში მყოფ ძმას, გაათავისუფლებდნენ. მოწმის სტატუსით დაკითხული ზვიად აბესაძე აცხადებდა, რომ ბაჩო ახალაიამ თითქოსდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გრიგოლ ბაკურაძეს, ხოლო თავად ბაკურაძე თავის ჩვენებაში მის მიმართ ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტზე საერთოდ არაფერს არ ამბობს. 
5. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს მერაბ კიკაბიძეს აიძულებენ ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. მას უთხრეს, რომ თუ იგი ახალაიას და კალანდაძის წინააღმდეგ არ მისცემდა, ვერ დაბრუნდებოდა ამერიკაში და ბრალს წაუყებედნენ. იგი სამჯერ ჰყავდათ მიყვანილი პროკურატურაში, არ დაუკითხიათ ოფიციალურად. მას შემდეგ, რაც იგი ვერ დაიყიოლიეს მიეცა ცრუ ჩვენებები ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ, მას თავად წარუდგინეს ბრალი და შევიდნენ სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, სასამართლომ მერაბ კიკაბიძეს აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 
დაცვის მხარის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ზეწოლები ხორციელდება ახალაიას ყოფილ თანამშრომლებზე და სხვა პირებზე.
ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და პროცესუალური დარღვევები:
როგორც ცნობილი იყო, ბაჩო ახალაიას მიმართ სამი ეპიზოდი იქნა ბრალდების მხრიდან წარდგენილი. პროკურატურამ მოახდინა საქმეების გაერთიანება ერთ საქმედ. საქმეზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები გარდა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო და უართიერთგამომრიცხავი დაინტერესებული მოწმეთა ჩვენებებისა. დაინტერესებულ მოწმეებში იგულისხმებიან პირები, რომლებიც თავის დროზე დათხოვნილ იქნენ თავდაცვის სამინისტროდან. არ არის ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებები, სამხილები და არცერთი კატეგორიის პირდაპირი მტკიცებულება, რაც არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების უხეში დარვევა, რადგან ბრალდება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას.
• ბრალის დადგენილებაში მითითებულია, რომ ბაჩო ახალაიამ მის კაბინეტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გიორგი კირვალიძეს, ხოლო გიორგი კირვალიძე ჩვენებაში აცხადებს, რომ საერთოდ არ შესულა ბაჩო ახალაიას კაბინეტში.
• ბრალის დადგენილებაში მითითებულია, რომ ბაჩო ახალაიას დანაშაული დასტურდება მოწმე ვინმე დიტო დევდარიანის ჩვენებით, მაშინ როდესაც ასეთი პირი საერთოდ არ არის დაკითხული და მტკიცებულებათა გაცვლის დროს ამ პირის ჩვენება არ გადასცემია დაცვის მხარეს.
• საქმის მასალების მიხედვით, მოწმეები, რომელბიც ერთდროულად შეიყვანეს ბაჩო ახალაიასთან ბრიფინგის ოთახში (19 მოწმე), მათი დაკითხვის ოქმებში სხვადასხვა რამეს აცხადებენ. ზოგი მათგანი ამბობს, რომ როცა ისინი შევიდნენ ბრიფინგის ოთახში, ბაჩო ახალაია ფეხზე იდგა, ზოგიერთი აცხადებს, რომ როცა ისინი შეიყვანეს ბრიფინგის ოთახში ბაჩო ახალია მაგიდასთან იჯდა, ზოგი მათგანი ამბობს, რომ მაგიდასთან მიყრდნობილი იდგა, ზოგი კი აცხადებს, რომ როცა ისინი ბრიფინგის ოთახში შეიყვანეს ბაჩო ახალაია მაგიდაზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იწვა. 
• საქმეში არის მოწმედ დაკითხული პირი, ვინმე ბედოშვილი (შემდგომში დაზარალებულად ცნობილი), რომელიც ამბობს, რომ როცა ის მიიყვანეს სამინისტროში ახალაიასთან, მას იქ დახვდა ასევე მოწმედ დაკითხული დარძული, გოგლიძე და კირვალიძე. ხოლო კირვალიძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც ის მიიყვანეს სამინისტროში ახალაიასთან მას იქ დახვდა ბედოშვილი და სხვები.
• ზვიად აბესაძის განცხადება, რომლითაც მან 2012 წლის 6 ნოემბერს მიმართა კრიმინალურ პოლიციას, იწყება შემდეგნაირად: „მოგმართავთ განცხადებით. ვარ ძალადობის და უკანონობის მსხვერპლი. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უკანონოდ აღმიკვეთა თავისუფლება. საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს, 2011 წლის სექტემბერის თვეში, ზუსტად რიცხვს ვერ ვიხსენებ, დილის 04 საათზე ჩემს მობილურზე, რომლის ნომერია . . . . ., უცხო ტელეფონის ნომრიდან შემოვიდა ზარი . . .“ . თუკი ზვიად აბესაძე განცხადების შეტანის მომენტისთვის ამბობდა, რომ მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების რიცხვს ვერ იხსენებდა, იმავე 6 ნოემბერს, მოწმედ დაკითხვის ოქმში იგი აცხადებს, რომ აღნიშნული ზარი მის მობილურზე 13 სექტემბერს განცორციელდა. ზუსტად 2 თვის შემდეგ კი ის ცვლის ჩვენებას და ამბობს, რომ 13 სექტემბერს კი არა, აღნიშნული ზარი მის მობილურზე 12 სექტემბერს განხორციელდა. 
• გიორგი ახალაია, რომელიც დაკითხვაზე ყავდათ დაბარებული, დაკითხვის დაწყების დროდ მითითებულია 19.00 სთ. 20.00 საათზე არის დაკითხვა დამთავრებული და დაკითვის ოქმი შეადგენს სულ 15 ხაზს. ასევე, მოწმე გიორგი კინწურაშვილის დაკითხვა დაწყებულია 20.30 სთ-ზე, და დასრულებულია 22 სთ-ზე და ჩვენება ერთი გვერდიც კი არ არის. - ჩნდება ეჭვი, რას აკეთებდა გამოძიება ამდენი ხნის განმავლობაში მოწმეებთან? 
• ბაჩო ახალაიას დაკავების საფუძვლად გამოყენებული პირველი საქმის წარმოება (გამოძიება) დაწყებულია პროგრამის გარეშე (მოწმეების დაკითხვა). ანუ ის პროგრამა, რომლელშიც უნდა მიმდინარეობდეს საქმის ძიების დაწყება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული ძიების დაწყებისას. 
• საქმეში არის ჯარისკაცების ჩვენებები, თითქოსდა ახალაიას და გიგი კალანდაძის ბრძანებით ისინი აბანოში 3 ღამით დატოვეს, ავარჯიშეს წელსზემოთ შიშველი, აძახებინეს მათთვის „შეურაცხმყოფელი“ ფრაზები - "მეოთხე ბრიგადას გაუმარჯოს" და ა.შ. დაცვის მხარეს არ ეძლევა კანონით მინიჭებული თანაბარი შესაძლებლობები მოიპოვოს მტკიცებულებები. მაგალითად: ა) პროკურატურის გამომძიებელს მიეცა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა სამხედრო ნაწილში არსებული ე.წ. შემთხვევის ადგილის ობიექტები, სადაც თითქოსდა 3 ღამით ჯარისკაცები გამოამწყვდიეს, ხოლო დაცვის მხარეს, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ მიეცა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა სამხედრო ნაწილში არსებული ე.წ. შემთხვევის ადგილის ობიექტები და ჩაატარებინა საგამოძიებო მოქმედებები; ბ) დაცვის მხარეს, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა ვიდეო ფირები, სადაც დაფიქსირებული იყო, თუ როგორ მიიყვანეს მოწმეები პროკურატურაში და პოლიციაში დაკითხვებზე. ამ ფირებზე აღბეჭდილია ის გარემოება, რომ მოწმეები დაკითხვაზე ჰყავდათ კანონის დარღვევით. დაცვის მხარისთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მოწმის მიყვანა განხორციელდა დილის 9 საათზე პროკურატურაში და მხოლოდ ღამის 22-23 სთ-ზე მოხდა მათი გამოშვება. ანუ თითქმის 12-14 საათის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ დაკითხვაზე, მაშინ როცა მათი დაკითხვის ოქმების მიხედვით, დაკითხვები მიმდინარეობდა დაახლოებით 2-დან 4 საათამდე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
• 6 ნოემბერს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პარალელურად შედის განცხადება მოქალაქე ზვიად აბესაძის მიერ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ სამმართველოში. საქმის მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული საქმის ძიება კანონდარღვევით განხორციელდა. შს სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება საქმეზე, სადაც ფიგურირებდა მოქმედი გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის N 178-ე ბრძანების თანახმად განსაზღვრულია სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოძიებული უნდა ყოფილიყო პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლის მიერ და არ შეიძლებოდა ძიება ეწარმოებინა შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციას. შესაბამისად, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის დაუშვებელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. გამოდის, რომ საქმე, რომლითაც ბრალი დაუმძიმდა ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ, არის დაუყოვნებლივ შესაწყვეტი, ვინაიდან ამ საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად საქმის მასალებიდან გამომდინარე ფიგურირებდა გენერალური შტაბის მოქმედი გენერალი გიორგი კალანდაძე (როგორც ცნობილია გამოძიება დაიწყო ბაჩო ახლაიას, გიორგი კალანდაძის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით). აღნიშნულით, დაირღვა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №178-ე ბრძანება საქმის ქვემდებარეობის შესახებ. პოლიციას არანაირი უფლება არ ქონდა ეწარმოებინა გამოძიება საქმეზე სადაც ფიგურირებს მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი.

პროკურატურის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება თავად ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის მიმართაც. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატს დავით დეკანოიძეს, პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 2009 წელს დავით დეკანოიძემ, როგორც არბიტრმა, კიდევ ორ არბიტრთან ერთად ცენტრ პოინტის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ კომპანიას დაეკისრა 70-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა კომპანიის მიერ დაზარალებულის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ გაასაჩივრა, თუმცა სამოქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო, რის საფუძველზეც ცენტრ პოინტი იძულებული გახდა, მოქალაქისთვის ზარალი აენაზღაურებინა. ახლა პროკურატურა ფიქრობს, რომ დავით დეკანოიძემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა 2009 წელს, როგორც არბიტმა და 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული ჩაიდინა.
აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება სასამართლოს მიერ
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ბრალდების მხარე იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი, ხოლო ბრალდება აბსურდული, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო! არა თუ დაკავებისას, ბრალის წარდგენის მომენტისთვისაც კი არ ყოფილა საქმეში თუნდაც ერთი დაზარალებული. გამოძიების თანახმად, სახეზე იყო დანაშაულის სუბიექტი, მაგრამ გამოძიებას არ ყავდა დანაშაულის ობიექტი (არც ერთი ბრალდებულის საქმეზე) - ანუ დაზარალებული - საქმეში არ არსებობდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენება მისცა, იყვნენ მხოლოდ მოწმეები. სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით კი, მოწმე არ შეიძლება იყოს დანაშაულის ობიექტი. მოსამართლის კითხვაზე, ბრალდების მხარეს გააჩნდა თუ არა ვინმეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, პროკურორმა პროცესზე აღიარა, რომ საქმეში არ არის პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. 

სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების საფუძვლების არანაირი დასაბუთება არ მოუხდენია ბრალდების მხარეს არც ახალაიას, არც კალანდაძის და არც შამათავასთან დაკავშირებით. არ მოუხდენია არც ერთი მტკიცებულების წარმოდგენა, რის საფუძველზედაც ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.
კალანდაძის და შამათავას სახლებში ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს ნებართვის გარეშე, რაც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არის დასაშვები, მაგრამ ასეთი შემთხვევის არსებობის დროსაც, ჩხრეკიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიემართოს სასამართლოს, რომ სასამართლომ განიხილოს და დაამტკიცოს ჩხრეკის კანონიერება და მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება, რაც ასევე არ გაუკეთებია ბრალდების მხარეს. მოსამართლის შეკითხვაზე, შამათავას და კალანდაძის სახლების ჩხრეკიდან 48 საათზე მეტი არის გასული და გაქვთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩხრეკის კანონიერებაზეო, პროკურატურამ უპასუხა რომ არ იციან, რა გადაწყვეტილება გამოიტანა ამ საკითხზე სასამართლომ. მოსამართლემ ჰკითხა, დარეკვით მაინც არ დარეკეთ, რომ გეკითხათ რა გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემო? აღმოჩნდა, რომ რეალურად არც კი დაინტერესებულან პროკურორები ჩხრეკა კანონიერად ცნო თუ არა სასამართლომ, რაც როგორც ზემოთ ითქვა, 24 საათის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა. 
სასამართლოს დარბაზიდან გამოაძევეს ადამიანი, რომელსაც გაეცინა მე-4 ბრიგადიდან მოწმის ჩვენებაზე, რომ მას აიძულებდნენ ეყვირა გაუმარჯოს მე-4 ბრიგადასო და ეს მისთვის თურმე შეურაცხმყოფელი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია კვლავ დააპატიმრა, როცა მესამე ეპიზოდზე მის წინააღმდეგ პროკურატურა სასამართლოში შევიდა და პატიმრობაში მყოფ პირზე კვლავ მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ ბაჩო ახალაის საქმეში გარდა მოწმეების ჩვენებებისა, არ არის არანაირი მტკიცებულება, რომლითაც გამოძიება დაადასტურებდა დანაშაულის ჩადენას აღნიშნული პირების მხრიდან.
ზემოაღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ მთელი ეს პროცესი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ხელოვნურად იქნა ინსპირრირებული სამართალდამცავების მხრიდან, მათ შორის განცხადებების შეტანა პროკურატურაში. პროცესის დარღვევა გამოიკვეთა ყველა ძირითად ნაწილში. ისმის ლოგიკური კითხვა, ეს არის დანაშაულთან ბრძოლა თუ პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ძალიან უნიჭოდ ხორციელდება? 
და ბოლოს, პროკურატურამ თავი საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩაიგდო. ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძისთვის თავდაპირველ ეტაპზე ერთნაირი მუხლები წარედგინათ. იმ ეტაპზე, როგორც ჩანს, მიზანი იყო არა კალანდაძის პატიმრობაში ყოფნა, არამედ მისი ჩამოშორება გენერალური შტაბის ხელმძღვანელობიდან. ეხლა ხვდებიან, რომ ერთნაირი მუხლებით ერთ ადამიანს ციხეში ვერ დატოვებენ და მეორეს იმავე დანაშაულზე გარეთ. სწორედ ამიტომ ბაჩო ახალაიას ბრალის ფორმულირება შეუცვალეს და უშუალო მონაწილეობის ნაცვლად, ორგანიზება წაუყენეს. ორგანიზების დადასტურებისთვის სჭირდებათ იმ პირების ჩვენებები, რომელბიც იღებდნენ ახალაიასგან დავალებას. ამიტომ არის, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს მერაბ კიკაბიძეს და სხვებს აიძულებენ ბაჩო ახალაიას  წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას. აღნიშნული იძულება დაცვის მხარის ინფორმაციით ხორციელდება თითქმის ყველა მოწმეზე“.