სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას“

1-Caxaliani-samarTali3საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ვაჰაგან ჩახალიანი გუშინ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა კონფერენცია მოაწყო. ჩახალიანის გათავისუფლებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ამ წუთებში მიმდინარე სპეციალურ ბრიფინგზე , რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორეს თხოვნით, რითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს“.

პრეზიდენტის განცხადებით, მან მოისმინა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებები და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა ისინი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რაც მან ერთპიროვნულად მიიღო და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. მე ვფიქრობ, მან დაუშვა მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოეს კვირებში, თვეების და წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, ჩახალიანი რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტია საქართველოში: „მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, პოლიცია, გამგეობა... ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და ეწინააღმდეგებოდა რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან. საქართველოს ჰყავს გარე მტრების წარმომადგენლები და ამ მთავრობამ გაუშვა საქართველოს ოკუპანტის წარმომადგენლები“.

ცნობისათვის: პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ჩახალიანის თაობაზე ერევანში ყოფნისას მას სომხეთის კათოლიკოსი ესაუბრა და საკითხის შესწავლა სოზარ სუბარს დაავალა. ამის შესახებ კომენტარი მან დავოსში გააკეთა.

ვაჰაგან ჩახალიანი 2009 წელს რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.