აქტუალური
ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

1-marSrutkebi-aqtuaa3საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. დილიდან ყვითელი სამარშრუტო ტაქსების რამდენიმე ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. დილიდანვე ხმაური დაიწყო გლდანის ავტოპარკთან, რასაც მოგვიანებით ვარკეთილის ხაზის მძღოლებიც შეუერთდნენ.

მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. ამასთან, მათი განცხადებით, დღეს, 17.00 საათზე, აქცია გლდანი-ნაძალადევის საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლებს, სადაც საკრებულოს სხდომა გაიმართება. მძღოლები თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძისა და შპს თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ტარიფების დაწევას და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას მოითხოვენ. მათი განცხადებით, წამოყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საპროტესტო აქციაზე ჯერჯერობით არ მისულან მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები. აქციის მხარდამჭერი მამუკა ბალიაშვილი, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ წარმომადგენელი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სთხოვს, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.
მძღოლები მუშაობენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც უკვე შემდგომში დაგეგმავს სამომავლო ქმედებებს. ისინი პროფკავშირის შექმნასაც აპირებენ, რომელშიც თითოეული ხაზის რამდენიმე წარმომადგენელი შევა.