საზოგადოება
ილია მეორე: „ერთმანეთს უნდა მივუტევოთ“

1-oBS-2-rel-3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. 22 იანვარს სასტუმრო „უკრაინაში“ გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეპრესკონფერენცია, რომლის დაწყებამდე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სიმღერა ქართულად შეასრულა, შემდგომ კი შეკრებილთ საქართველოს პატრიარქის „ავე მარიას“ ჩანაწერი მოასმენინეს.

ჟურნალისტთა შეკითხვებზე პასუხისას ილია მეორემ, კერძოდ, აღნიშნა: „ჩვენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქ კირილთან პირველ რიგში შიდა საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ წმინდა კრების საკითხსაც, რომელიც მომავალში უნდა შედგეს. ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველა იმ საკითხის მოგვარებამდე, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებობს, კრების მოწვევას აზრი არ აქვს.

...ჩვენ ვისაუბრეთ, აგრეთვე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე ჩვენი ხალხებისთვის, იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფოებს – რუსეთსა და საქართველოს – შორის ურთიერთობა დაძაბული იყო (და ახლაც ასეა), რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ძმური ურთიერთობა შეინარჩუნეს და ეს ჩვენი ურთიერთობის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენი ვიზიტი კარგ შედეგებს გამოიღებს.

...ვფიქრობ, რომ არ არსებობს ისეთი საკითხი, რომლის დადებითად, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ გვესმის, რომ უნდა ვხედავდეთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის პრობლემებსაც... ჩვენ ბევრი სულიერი და სხვა ფასეულობა გვაქვს, რომლებიც უნდა გავცვალოთ. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და არა მარტო ვიცნობდეთ, არამედ დიდი პატივისცემითაც ვეპყრობოდეთ. ჩვენს ხალხებს შორის თბილი ურთიერთობა შენარჩუნებულია, და მე ეს მახარებს და მაიმედებს.

...ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიყოთ გულწრფელნი, მორწმუნენი, მოსიყვარულენი. ადამიანებს შორის ურთიერთობაში გულწრფელობა აუცილებელია. უნდა მივუტევოთ ერთმანეთს. არ შეიძლება ბოროტებას გამუდმებით გულში დაატარებდე. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ბევრი სასულიერო პირი გვყავს, და მე მახარებს, რომ ჩვენი მრევლი ჩვენს სამღვდელოებაში შესანიშნავ მაგალითებს ხედავს.

...ჩვენ გავხსენით საზღვარი, რუსებიც და სხვა ხალხებიც თავისუფლად დადიან ჩვენს ტაძრებში, მონასტრებში, მათ იქ სიყვარულით იღებენ. ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულება იქნება“.