საზოგადოება
რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების წინამძღვრებმა ღვთისმსახურება აღავლინეს

1-obsh-relig-2საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 22 იანვარს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულმოქმედი წმიდა ფილიპე ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვის კრემლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინეს.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა: ჩვენ ამ ტაძარში პატივს მივაგებთ უწმიდესსა და უნეტარეს ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის პრემიის ლაურეატად მის არჩევასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა. უწმიდესმა პატრიარქმა კირილმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიით სრულიად საქართველოს უწმიდესი კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი თავდადებული მსახურება აღინიშნა: თქვენს მოღვაწეობაში თქვენ მრავალგზის განასახიერეთ ღირსი ფილიპეს გმირობა. როგორც ფილიპე არავის აწყენინებდა და ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებდა, მაგრამ სიმბოლურად გამოხატავდა პოზიციას, რომელიც ეკლესიას უნდა გამოეხატა, ისევე თქვენ, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებასა და ხალხთან კონფლიქტის გარეშე სიმბოლურად და სიტყვით შეგეძლოთ ღვთის ჭეშმარიტების გამოხატვა. ართლმადიდებელ ქართველ ხალხს ესმოდა თქვენი წყნარი ხმა და, შესაძლოა, თქვენი და ქართული ეკლესიის წყალობით, ქართველი საზოგადოება არ გადაეშვა სამოქალაქო ომის და დაპირისპირების კოშმარში, მას ეყო ძალა, შეენარჩუნებინა შინაგანი თავისუფლება ყოველგვარი ძალდატანებისა და ყოველგვარი სიცრუისაგან. ჩვენ დიდი იმედით შევყურებთ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში და მოველით, რომ ამ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად შეიცვლება ურთიერთობა ჩვენს ძმურ ქვეყნებსა და ხალხებშორის. და ამ ისტორიული ამბიონიდან მე შემიძლია დავამოწმო, რომ ამ ცვლილებებში თქვენი უზარმაზარი წვლილია, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი საეპისკოპოსოების, სასულიერო პირთა და კეთილმორწმუნე ხალხის, თქვენი ინტელიგენციის და ყველასი, ვისაც ესმის თავისი პატრიარქის ხმა“.

საპასუხო სიტყვაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად აღავლინა საღვთო ლიტურგია მიძინების უძველეს ტაძარში. ბოლო ათწლეულების რთულ მოვლენებზე საუბრისას, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადასტურა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც უცვლელად აერთიანებს ორი ქვეყნის ხალხებს, არის კეთილი, ძმური ურთიერთობა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. „მადლი უფალს, რომ მან ამ ერთიანობისკენ მოგვიწოდა“, – აღნიშნა მან.

შემდგომ კრემლის საპატრიარქო სავანეში ძმური ტრაპეზი გაიმართა, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები, მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის პრემიის ლაურეატები, მღვდელმთავრები, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ტრაპეზის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უწმიდეს პატრიარქ კირილს მისალმების სიტყვებით მიმართა და საქართველოში მოიწვია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიწვევა მადლიერებით მიიღო.