„იზვესტიის“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციში, ასევე,ნათქვამია, რომ ივანკოვიჩის მკვლელობამ კრიმინალურ სამყაროში განხეთქილება ჩამოაგდო. ვიაჩესლავ ივანკოვიჩი 2009 წელს მოკლეს. ალექსეი სუვოროვმა (პეტრიკმა) მეგობრის დაკრძალვაზე დაიფიცა, რომ მისი სიკვდილისთვის შურს იძიებდა და ზუსტად ისე გაუსწორდებოდა, როგორც იაპონჩიკი მოკლეს – მუცელში ტყვიით. ამ ამბის ერთი წლის თავზე კი დედ ჰასანზე განხორციელდა თავდასხმა და სნაიპერმა მას პირდაპირ მუცელში ესროლა. თუმცა, მაშინ უსოიანი გადარჩა.
მეორე თავდასხმა კი, რომელიც 2013 წლის 17 იანვარს განხორციელდა, წარმატებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ ტროეკუროვის სასაფლაოზე ასლან უსოიანთან გამოსათხოვარ ცერემონიას თითქმის არცერთი სლავი კანონიერი ქურდი არ დასწრებია. ისინი არც დაკრძალვაზე – ჰოვანის სასაფლაოზე ყოფილან. დედ ჰასანთან გამოსათხოვებლად მხოლოდ 2 სლავი ქურდი მივიდა, დანარჩენები კავკასიელები იყვნენ.
გამოცემის ცნობით, ალექსეი სუვოროვმა (პეტრიკმა), სლავური კრიმინალური სამყაროს კიდევ სამ ლიდერთან ერთად, თავის თანამოაზრეებს ასლან უსოიანთან გამოთხოვების იგნორირება უბრძანა. ასეთივე ბრძანება გასცეს კანონიერმა ქურდებმა: სერგეი აქსენოვმა (აქსენ), იური ესინმა ,მეტსახელად „სამოსვალმა“, და ალექსეი ზაბავინმა (ზაბავა).
სუვოროვი უწინაც ყოფილა კავკასიურ მაფიურ კლანებთან შეჯახების მონაწილე. „იზვესტიას“ თქმით, ასეთი შეტაკებები, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ხდებოდა. ამ ბოლო წლებში კი პეტრიკსა და უსოიანს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. 2012 წლის ბოლოს დედ ჰასანმა ქურდების „სხოდკაზე“ განაცხადა, რომ პეტრიკმა ქურდული სამყაროს ინტერესებს უღალატა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უსოიანის მკვლელობის შემდეგ მისმა ნათესავებმა განაცხადეს, რომ დედ ჰასანის მკვლელობისათვის შურს იძიებენ. თუმცა, ოპერატიული მუშაკების თქმით, მაფიოზურ კლანებს შორის ჯერჯერობით ომი არ დაწყებულა.