სამართალი
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს ხელი.
სამინისტროები ყოფილი მსჯავრდებულებისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „საქართველოში ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია არასოდეს ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი. ბატონ სოზარ სუბართან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ მხრივ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ გულისხმობდეს მხოლოდ ადამიანის ციხეში ჩასმას, არამედ ზრუნვასაც იმაზე, თუ როგორ გამოვა ის ციხიდან და ჩაეწერება საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად“.მისი თქმით, ორი უწყების ერთობლივი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიწერება რამდენიმეწლიანი სტრატეგია, სადაც იქნება ისეთი სერვისები, როგორიცაა ფსიქოლოგიური თუ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ნაბიჯებში დახმარება. რესოციალიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოცმუშაკები, ფსიქოლოგები და არასამთავრობო სექტორი.
სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროდან წამოსული ეს ინიციატივა ითვალისწინებს მთელ სოციალურ პაკეტს, რომელშიც ჩართული იქნება ორივე უწყების სასწავლო ცენტრები. „ვფიქრობთ, ერთობლივად ბევრი ადამიანის სწორ გზაზე დაყენებას შევძლებთ“, – აღნიშნა მან. იგი მსგავსი მემორანდუმების გაფორმებას მომავალში კიდევ არაერთ უწყებასთან აპირებს.